რუსი ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების მაღალი ფასით არიან უკმაყოფილო.

რადიო თავისუფლების ცნობით, სტატიები ამის შესახებ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.

საქართველოსთან ავიამიმოსვლამ მოლოდინები არ გაამართლა, წერს "Аргументы и факты" და ამატებს, რომ თვითმფრინავები ნახევრად ცარიელი დაფრინავენ. გამოცემა ავრცელებს რუსეთის სამ ქალაქში ჩაწერილი რესპონდენტების კომენტარებსაც.

უფრო ადრე რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირმაც აღნიშნა, რომ ავიაბილეთების სიძვირის გამო საქართველოში მოგზაურობაზე დიდი მოთხოვნა არ არის. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, რეისების დამატება რუსეთიდან მასობრივი ტურისტული ნაკადის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს. ბილეთების ფასი ამ რეისებზეც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, მოსკოვი-თბილისი-პარიზის და პარიზი-თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთები 1200 დოლარი ღირს. 15 ივნისიდან ავიაკომპანია სალონიკის მიმართულებით, 5 ივლისიდან კი ნიცის მიმართულებით ამატებს რეისებს.

Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უკმაყოფილოა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებზე მოთხოვნის ნაკლებობით.

europetime.eu