საქართველოში ჩამოსული ყოველი მეოთხე მოგზაური რუსია და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ მათი რიცხვი შეიძლება 1,5-2 მილიონამდე გაიზარდოს, ამბობენ ექსპერტები. forbes.ru-ის ინფორმაციით, ქართულ სასტუმროებში ფასები ფრენების დაწყების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, 15-20%-ით გაიზარდა.
10 მაისს რუსეთმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა: ახლა მოსკოვიდან თბილისში ფრენას Azimuth-ისა და Georgian Airways-ის ბორტებს 3,5-4 საათი სჭირდება. ისინი კვირაში 14 რეისს ახორციელებენ, 2 ივნისს Red Wings-ი ფრენებს სოჭიდან თბილისისა და მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით განახორციელებს.
როგორც ტურისტული კომპანიის Check-in Travel-ის დირექტორი და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია გედევანიშვილი forbes.ru-სთან ამბობს, რომ საქართველოში ახლად გახსნილი პირდაპირი მარშრუტით ბევრი უკმაყოფილოა, მაგრამ სასტუმროები, რესტავრატორები, კურორტებისა და ღვინის ქარხნების მფლობელები ნამდვილად მოუთმენლად ელიან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და წლის დასაწყისში დაგეგმილზე უფრო მაღალ შემოსავალს ელოდებიან.
გედევანიშვილი აღნიშნავს, რომ პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გავრცელებული ამბების შემდეგ, სასტუმროებმა, პირველ რიგში, ბათუმის სანაპიროზე, ფასები მკვეთრად 15-20%-ით გაზარდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონტრაქტების შეფერხება, რომელიც ტუროპერატორებმა უკვე გააფორმეს სასტუმროებთან.
გასულ წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალმა 3,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 182%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, აღნიშნავენ Galt & Taggart Research-ის ანალიტიკოსები. ამ მაჩვენებლებში ყველაზე დიდი წვლილი რუსებმა შეიტანეს - 25%, შემდეგ მოდის ტურისტები თურქეთიდან (11%), ევროკავშირიდან (10%) და უკრაინიდან (8%).
2018 წელს, პირდაპირი ფრენების გაუქმებამდე, საქართველოს 1,4 მილიონი რუსი ეწვია, რაც 23,8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
2022 წელს საქართველოში რუსეთის 1,1 მილიონი მოქალაქე ჩამოვიდა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 891 მილიონი დოლარი დატოვა, სასტუმროებსა და აპარტამენტებზე მოთხოვნის პიკი გაზაფხულის, ზაფხულის და სექტემბრის ბოლოს იყო.
Mayel Travel-ის აღმასრულებელი დირექტორი მაია კოტლიარი, რომელსაც აქვს პარტნიორი ოფისი თბილისში ამბობს, რომ საცხოვრებელზე, მომსახურებასა და საკვებზე ფასები 70-80%-ით გაიზარდა.
ტურისტულ სააგენტო Mayel Travel-ში ინდივიდუალურ ტურებზე მოთხოვნა მაისში გასულ წელთან შედარებით 47%-ით გაიზარდა. მათი ინფორმაციით, ზრდა იმ რუსებმაც განაპირობა, რომლებიც თბილისის გავლით დასასვენებლად თურქეთში მიფრინავდნენ და ორ-სამ დღეს ატარებენ საქართველოს დედაქალაქში.
2023 წლის პირველ კვარტალში რუსების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში უკვე გაიზარდა რეკორდულად 3,5-ჯერ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სულ დაფიქსირდა 256 787 მოგზაურობა, ჯამური ხარჯვით $266 მილიონი.
მაია კოტლიარი მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტების რაოდენობამ შეიძლება წელს 2 მილიონამდე შეადგინოს, უფრო მეტიც, მოგზაურობის მიზანი შეიძლება იყოს განსხვავებული: ტურიზმი, ტრანზიტი ქვეყნის გავლით, საქმიანი მოგზაურობა.
საერთო ჯამში, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გასცა ნებართვა ავიაკომპანიებს კვირაში 49 რეისის განხორციელებაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში, ამბობს ალექსან მკრტჩიანი, ტურისტული სააგენტოების ალიანსის ვიცე პრეზიდენტი.
გედევანიშვილი კი აღიარებს, რომ ფრენებზე მოთხოვნა იქნება, მაგრამ თუ ასეთი რაოდენობის რეისები ამოქმედდება - ეს არის უზარმაზარი ნაკადი პატარა ქვეყნისთვის, სადაც 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ საქართველოს ტურისტების მიღება და განთავსება გაუჭირდება.
საქართველოში 2500-მდე სასტუმროა, ეს არაუმეტეს 200 000 ნომერია და ამდენივე საცხოვრებელი ადგილი კერძო სექტორშია, აღნიშნავს კოტლიარი. ექსპერტების შეფასებით, ტურისტები რუსეთიდან აპარტამენტებსა და სასტუმრო სახლებში ამჯობინებენ დარჩენას, მათ დღიურად ქირაობდნენ. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსებმა და უკრაინელებმა საქართველოში მასობრივად გადმოსვლა დაიწყეს, ოროთახიანი ბინის ყოველთვიური ქირის ფასები საგრძნობლად გაიზარდა. 2022 წლამდე თბილისში გარემონტებული ერთოთახიანი ბინის დაქირავება შესაძლებელი იყო თვეში 300$-ად, ახლა ფასები 700-800$-ს აღწევს.