ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის გამო, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ჰორმუზის სრუტემ, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია.

worldvisualized-ის ინფორმაციით, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და ჩინეთი აღმოჩნდებიან ყველაზე დიდი დანაკარგების წინაშე, თუ ჰორმუზის სრუტე დიდი ხნით დაიბლოკება, რაც ასახავს მათ დიდ დამოკიდებულებას სპარსეთის ყურიდან გადაზიდულ ნედლ ნავთობზე.

ჰორმუზის სრუტე 167 კილომეტრი სიგრძისაა და ყველაზე ვიწრო წერტილში მხოლოდ 33 კილომეტრის სიგანისაა. მისი ყველაზე ვიწრო ნაწილი ირანისა და ომანის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს. ეს არის სტრატეგიული ადგილი, რომელსაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამ სრუტის მეშვეობით გადააქვთ ტანკერებს ნავთობი, რომელსაც სპარსეთის ყურეში მოიპოვებენ. ამ სრუტით სპარსეთის ყურე ომანის ყურეს, შემდეგ კი არაბეთის ზღვასა და ოკეანეს უკავშირდება.

სპარსეთის ყურეში ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოებია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, სრუტეში წლიურად გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20% გადის. ჰორმუზის სრუტით გადააქვთ მსოფლიოს თხევადი ბუნებრივი აირის 20-25 პროცენტიც.

worldvisualized-ის ინფორმაციით, სრუტის დაკეტვის შემთხვევაში ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში იაპონია აღმოჩნდება, რადგან მისი ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 75% ჰორმუზის სრუტეზე გადის, რაც დაახლოებით 1.6-დან 1.8 მილიონ ბარელამდეა დღეში.

სამხრეთ კორეა ნავთობის იმპორტის მხრივ იაპონიას ჩამორჩება. მისი ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 65%, ანუ დღეში დაახლოებით 1.5-დან 1.7 მილიონ ბარელამდე, ჰორმუზის სრუტის გავლით ხორციელდება.

ინდოეთი, მსოფლიოში ნავთობის მესამე უდიდესი იმპორტიორი, ასევე სერიოზული შეფერხებების წინაშე აღმოჩნდება. Kpler-ის მიერ მოყვანილი ენერგოგადაზიდვების მონაცემების თანახმად, ინდოეთის ნავთობის იმპორტის დაახლოებით ნახევარი, რაც დღეში 2.5-დან 2.7 მილიონ ბარელამდე შეადგენს, სრუტეზე გადის.

ჩინეთის ნავთობის იმპორტის დაახლოებით 48% ჰორმუზის სრუტეზე გადის, რაც დღეში დაახლოებით 5.4-დან 5.6 მილიონ ბარელამდეა. თუმცა, ჩინეთის ფართო მიწოდების ქსელი მას ოდნავ მეტ მოქნილობას ანიჭებს, ვიდრე სხვა ქვეყნების ეკონომიკებს. პეკინი ნავთობს მწარმოებლების ფართო სპექტრიდან იმპორტს ახორციელებს, მათ შორის რუსეთიდან, ბრაზილიიდან და დასავლეთ აფრიკიდან.