გლობალური დათბობა აჩქარდა და ახლა იმაზე ორჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წინა ათწლეულებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მასშტაბური კლიმატური კატასტროფები შეიძლება მოსალოდნელზე ადრე მოხდეს.

2013-2014 წლებამდე დედამიწა ათწლეულში დაახლოებით 0,18°C-ით თბებოდა. მას შემდეგ, ამ მაჩვენებელმა ათწლეულში 0,36°C-ს მიაღწია. ამის შესახებ მიუთითებს გერმანიის ქალაქ პოტსდამის უნივერსიტეტის მკვლევრის, სტეფან რაჰმსტორფისა და ამერიკელი სტატისტიკოსის, გრანტ ფოსტერის მიერ ჩატარებული ანალიზები.

თუ დათბობა ამ მაჩვენებლით გაგრძელდა, კაცობრიობამ შესაძლოა დაარღვიოს პარიზის შეთანხმების მიზანი, რომელიც 2028 წლისთვის დათბობის 1,5°C-მდე შეზღუდვას გულისხმობს — უფრო ადრეც კი, ვიდრე ამას სხვა კვლევები მიუთითებდა.

„გრადუსის ყოველ მეათედს მნიშვნელობა აქვს და გლობალური დათბობის გავლენას აუარესებს ექსტრემალური ამინდის მოვლენების მხრივ, ეკოსისტემაზე გავლენის თვალსაზრისით, ასევე გარდამტეხი წერტილების გადალახვის მხრივ. მსოფლიო, აშშ-ის გარდა, გლობალური დათბობის შეჩერებას ან შემცირებას ცდილობს. სწორედ ამიტომაა დიდი შეშფოთების საგანი ის ფაქტი, რომ ახლა პირიქით ხდება, დათბობა ჩქარდება“, — ამბობს რაჰმსტორფი.

რეკორდულად ცხელი წლების სერიის შემდეგ, 2023 წელს კლიმატის მეცნიერებმა დაიწყეს კამათი იმის თაობაზე, ჩქარდებოდა თუ არა გლობალური დათბობა. თუმცა, ბუნებრივმა რყევებმა, როგორიცაა ელ-ნინიოს კლიმატური ფაზა, რომელმაც 2023-2024 წლებში დამატებითი დათბობა განაპირობა — გაართულა იმის თქმა, ტემპერატურის სწრაფი მატება კლიმატის ცვლილების ბრალი იყო თუ უბრალოდ შემთხვევითი ამინდის.

რაჰმსტორფისა და ფოსტერის კვლევა პირველია, რომელმაც დაადგინა, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აჩქარების მიზეზი კლიმატის ცვლილებაა; ამ კავშირის სანდოობა 98 პროცენტია.

ჯგუფმა გლობალური ტემპერატურის მონაცემების ხუთი სხვადასხვა მონაცემთა ბაზა გააანალიზა, რომელთაგან ზოგიერთი მაღალ რიცხვს აჩვენებს. საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზების ევროპული ცენტრის მონაცემთა ბაზის ანალიზების თანახმად, 20-წლიანი საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე, წელს გლობალურმა დათბობამ შეიძლება მიაღწიოს ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით 1,5°C-ით მაღალ ნიშნულს.

თბილი წყლის მარჯნის რიფები კოლაფსს იწყებენ, 1,5°C-იანი მიზნის ჩაშლა კი ქმნის სხვა გარდამტეხი წერტილების გადაკვეთის რისკებს, მაგალითად, გრენლანდიისა და დასავლეთ ანტარქტიდის შეუქცევად დნობის, ამაზონის ტროპიკული ტყის ხმობის.

მრავალი მეცნიერი ფიქრობს, რომ გლობალური დათბობის აჩქარება ძირითადად გამოწვეული იყო 2020 წელს გადაზიდვებში გოგირდის დიოქსიდის შემცველობის შეზღუდვით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, წარმოქმნის აეროზოლთა ნისლს, რომელიც მზის სინათლეს ბლოკავდა და პლანეტას აცივებდა.

ახლა, როცა აღარ ხდება მზის ჭარბი სინათლის დაბლოკვა, დათბობის მაჩვენებელი შეიძლება შენელდეს, მაგრამ რაჰმსტორფი ამბობს, რომ ამის გადაჭრით თქმა რთულია. წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა გააგრძელებს ჰაერის დაბინძურების შემცირებას, რომელიც დათბობას ნიღბავს.

„მომავალში აეროზოლები კიდევ შემცირდება, მაგრამ სავარაუდოდ არა ისე სწრაფად, როგორც გადაზიდვების ემისიები შემცირდა. სრულიად შესაძლებელია, რომ მომდევნო ათწლეულში დათბობის მაჩვენებელი დაეცეს“, — აღნიშნავს რაჰმსტორფი.

ელ-ნინიოს გარდა, ავტორებმა შეაფასეს ვულკანური ამოფრქვევების ეფექტებიც, რაც ასევე ქმნის მზის დამბლოკავ ნისლს; ასევე შეაფასეს მზის ჭარბი ლაქების ციკლის დროს მზის გაზრდილი რადიაციის ეფექტები. ამ ეფექტების გამოკლების შემდეგ, მათ გლობალურ ტემპერატურას ორი ტიპის მრუდი მიიღეს, რომელთაგან ორივე აჩვენებდა დათბობის აჩქარებას სხვადასხვა პერიოდების მიუხედავად.

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკვლევრებმა ელ-ნინიოს, ვულკანებისა და მზის ლაქების ტემპერატურული ეფექტების სრულიად მოცილება შეძლეს. შედეგად, მათ მიერ მიღებული აჩქარებული მაჩვენებელი შეიძლება ოდნავ გადაჭარბებული იყოს.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი