თურქეთის სუპერლიგის გუნდი „რიზესპორი“ გორის „დილის“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, დავით კერესელიძის შეძენით დაინტერესდა – ინფორმაციას თურქული გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს.

„სუპერლიგის „რიზესპორმა“ დავით კერესელიძე თავის სატრანსფერო სიაში შეიყვანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მეკარე გასულ სეზონში საქართველოს წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში კი ივნისში ჩაატარა. 191 სანტიმეტრი სიმაღლის ახალგაზრდა მეკარემ „დილაში“ 34 მატჩი ჩაატარა და კარი „მშრალად“ 15-ჯერ შეინარჩუნა, რამაც უცხოური კლუბების ყურადღება მიიპყრო.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მეკარე ტარიკ ჩეთინის „ფენერბაჰჩეში“ გადასვლის შემდეგ, „რიზესპორმა“ ახალი მეკარის ძებნა დაიწყო და კერესელიძის ტრანსფერთან დაკავშირებით „დილას“ ოფიციალური წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავს.

კერესელიძის მიმართ ინტერესი ნიდერლანდების ჩემპიონატის კლუბებსაც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს „დილასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე აქვს, „რიზესპორი“ ამ ტრანსფერის განხორციელებას დაჟინებით ცდილობს“, – წერს თურქული გამოცემა.

1tv.ge