თანდათან უკვე ნათელი ხდება, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი სწრაფად არ დასრულდება. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ამას კვირები დასჭირდება. როგორი რეაქცია ექნებათ ამ ომზე სხვა დიდ სახელმწიფოებს? ვართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე?
მსოფლიო ომი არა, მაგრამ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ნამდვილად იქნება
პოლიტოლოგი შტეფან ფრიოლიხი, რომელიც 2024 წლამდე ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის (FAU) კათედრას ხელმძღვანელობდა, მიიჩნევს, რომ კვიპროსზე დრონებით თავდასხმის მიუხედავად, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ, „მითუმეტეს, რომ მთავარი მოთამაშეები (წამყვანი სახელმწიფოები) ამ კონფლიქტში ახლა სხვადასხვა ხარისხით არიან ჩართულნი“.
„ბავარიის რადიოსთვის“ (Bayerischer Rundfunk -BR24) მიცემულ ინტერვიუში, ფრიოლიხი სტრუქტურულ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას: დღეს საფრთხეები „ასიმეტრიული და ჰიბრიდულია“ - კლასიკური ფრონტის ხაზები თითქმის აღარ არსებობს, რასაც პოლიტოლოგი გერჰარდ მანგოტიც ეთანხმება.
ერთი კონფლიქტი - ბევრი დაზარალებული
ირანი 50 კილომეტრის სიგანის ჰორმუზის სრუტეს ბლოკავს, რომელიც მსოფლიოს მიერ მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტს ატარებს. ჩინეთი ნედლი ნავთობის დაახლოებით 44 პროცენტს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს, რომლის უდიდესი ნაწილიც მას სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით მიეწოდება. ქმნის თუ არა ეს ახლო აღმოსავლეთში ვითარების შემდგომი ესკალაციის საფრთხეს?
ჩინეთის რეაქცია, ჯერჯერობით, შედარებით თავშეკავებულია. ბერლინში დაფუძნებული მერკატორის კველევითი ინსტიტუტის ექსპერტი ჩინეთის საკითხებში, ევა ზაივერტი ამბობს, რომ პეკინი მკაცრად გმობს ირანზე თავდასხმას და „სუვერენული ლიდერის აღმაშფოთებელ მკვლელობას“ მიუღებელ ქმედებად აფასებს.
შტეფან ფრიოლიხის აზრით, ირანის კონფლიქტში ჩინეთის მასშტაბური ჩარევა ან სამხედრო ოპერაციის ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა: „ ამის ფასი ჩინეთისთვის ძალიან მაღალი იქნება“. აშშ-სთან ღია კონფლიქტში შესვლა პეკინის გადმოსახედიდან არაპროპორციული იქნებოდა. ფრიოლიხის თქმით, ამის ნაცვლად, ჩინეთი რუსეთისგან მეტ ნავთობს იყიდის, რაც, თავის მხრივ, პუტინის საომარ ბიუჯეტს შეავსებს.
პროქსი ომები: ახალი გაურკვევლობა
ჩინეთის საკითხების ექსპერტი, ევა ზაივერტი ახლო აღმოსავლეთში ამჟამად არსებულ ვითარებას უყურებს არა როგორც მესამე მსოფლიო ომის წინაპირობას, არამედ როგორც ცივი ომის პარალელურ, ოღონდ სახეცვლილ ფორმას. „საბოლოო ჯამში, ცივი ომი ადრეც ცხელი იყო. უბრალოდ, ცხელი არ ყოფილა ევროპასა და ამერიკაში, ცხელ სახეს ის სადღაც სხვაგან იღებდა“, - ამბობს ზაივერტი. დღეს ამას მარიონეტულ (პროქსი) ომებს უწოდებენ, რომლებშიც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს პირდაპირ, უშუალოდ კი არა, არამედ ირიბად ებრძვიან.
ვითარება დიდწილად დამაბნეველია: ალიანსები ყოველთვის მკაფიო არ არის - და როცა არის, ზოგჯერ მყიფეა. ფრიოლიხის შეფასებით, ჩინეთი-რუსეთი-ირანი-ჩრდილოეთ კორეის ღერძის ყველაზე მთავარი საერთო მახასიათებელია ანტიდასავლური რეფლექსი და „ამერიკული ჰეგემონიის აღმოფხვრის“ საჭიროება. კრიტიკულ სიტუაციაში, პრაგმატული პირადი ინტერესი ყოველთვის ჯაბნის იდეოლოგიას - ეს დასავლეთსაც ეხება.
რას ნიშნავს ეს ევროპისთვის
ევა ზაივერტის თქმით, ევროპა მოვლენებს, მეტწილად, გარედან აკვირდება.
„ჩვენ არ ვართ ისინი, ვისაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. ამიტომაც ვდგავართ განზე გარკვეულ მომენტამდე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რაღაცნაირად ყველაფერი კარგად ჩაივლის“.- ევა ზაივერტი
ინსბრუკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, გერჰარდ მანგოტი ამავე პოზიციას უფრო მკაფიოდ გამოხატავს: „სანამ საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია, ევროპა უფრო გლობალური პოლიტიკის ობიექტია, ვიდრე აქტორი“. ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთის ომის შედეგები აქაც იგრძნობა - მაგალითად, ბენზინსა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების სახით.
ბოლოსდაბოლოს, არსებობს თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე?
ამჟამად ექსპერტები თანხმდებიან, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ სამყარო, რომელშიც ადრე ორიენტირს მკაფიო ალიანსები და საერთაშორისო სამართალი ქმნიდა, ძველი ფორმით აღარ არსებობს. ამის ნაცვლად, შენარჩუნებულია მრავალპოლარული სისტემა, რომელიც გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში ძალის გამოყენების მზარდი მზაობით გამოირჩევა.
წყარო: 1 არხი