მთიბავები შესახედავად ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ობობასნაირები (არაქნიდები) არიან დედამიწაზე. როგორც ჩანს, ასე იყო მილიონობით წლის წინაც. მთიბავები ობობასნაირთა კლასის ფეხსახსრიანთა ერთ-ერთ რიგს ჰქვია.

უკრაინასა და ბალტიის რეგიონში მოპოვებულ 35 მილიონი წლის ორ სხვადასხვა ქარვის ნატეხში განსაკუთრებით უცნაური სახეობის მთიბავები აღმოაჩინეს.

ახალ სახეობას Balticolasma wunderlichi უწოდეს და მიეკუთვნება ორთოლაზმატინების სახელით ცნობილი მთიბავების ქვეოჯახს.

ამ ჯგუფის მთიბავები თანამედროვე ევროპაში გადაშენებულია, მაგრამ როგორც ქარვაში ჩარჩენილი ნამარხები მეტყველებს, ეს არაქნიდები საკმაოდ გავრცელებული ყოფილა გვიანდელ ეოცენში, როცა ჩრდილოეთ ევროპა თბილი, ზომიერი და შესაძლოა უფრო ნესტიანიც კი იყო.

ამას გარდა, ეს გახლავთ ორთოლაზმატინების წარმომადგენელთა პირველი ნამარხი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

„ევროპულ ქარვაში ორთოლაზმატინი მთიბავის აღმოჩენამ გაგვაკვირვა. ამ ცხოველის ნათესავები დღეს მხოლოდ აღმოსავლეთ აზაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში გვხვდება. აშკარაა, რომ 35 მილიონი წლის წინ, ეოცენის ეპოქაში, ეს მთიბავები დღევანდელზე გაცილებით მეტად იყვნენ გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბავარიის ბუნების ისტორიის სახელმწიფო კოლექციების (SNSB) პალეონტოლოგი კრისტიან ბარტელი.

ბარტელმა და მისმა ჯგუფმა ნიმუშები უპრეცედენტო დეტალებით გადაიღეს სინათლის მიკროსკოპიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის კომბინაციით, რათა ციფრულად გადაეღოთ არაქნიდის სამგანზომილებიანი მახასიათებლები. ამის წყალობით, მათ „ჩაიხედეს“ ხის გაქვავებულ ფისში, რათა შეესწავლათ იქ ჩარჩენილი არსებები.

სკანირებებმა გამოავლინა არაქნიდის ზურგზე მორთული ქედები; ბადისებრი მახასიათებლები თავზე; გამოლკვეთილი თვალის ჭრილი; პირის ღრუს ნაწილების კომპლექსურობა; რვა ჯვარედინი ფეხი, რომელთაგან მეორე წყვილი თვალშისახემად გრძელია დანარჩენებზე.

ასევე გამოვლინდა ზოგიერთი უფრო მნიშვნელოვანი ტაქსონომიური დეტალი, მაგალითად, თითოეული სასქესო გენიტალიის სტრუქტურა (არაქნიდების იდენტიფიცირების აუცილებელი მახასიათებელი).

ბალტიური ქარვის ნიმუშში აღმოჩენილი ეგზემპლარი მამრია, ჩრდილო-დასავლეთ უკრაინულში კი მდედრი.

ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეოცენის ეპოქაში, ხმელეთი ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის (თანამედროვე უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ბელარუსი) გაცილებით თბილი იყო და შესაძლოა, სუბტროპიკულიც კი.

ქარვის ეს ორი სახეობა — უკრაინული და ბალტიური — სხვადასხვაგვარია, როგორც ხშირად მათში განმარხებული მწერები, მაგრამ ზოგჯერ არის გარკვეული გადაფარვაც, როგორ შემთხვევასთანაც ახლა გვაქვს საქმე.

ახალი აღმოჩენის შემდეგ, ორივე რეგიონში ნაპოვნ მთიბავთა ეგზემპლარების რაოდენობა ექვსი გახდა.

„ბალტიური ქარვა ცნობილია მათში ჩარჩენილ ნამარხთა უზარმაზარი მრავალფეროვნებით და გამუდმებით გვხვდება სახეობები, რომლებიც ევროპაში დღეს აღარ არიან. ის ფაქტი, რომ მთიბავის ახალი სახეობა უკრაინულ ქარვაშიც აღმოვაჩინეთ, აჩვენებს, რამდენად მსგავსი იყო ფაუნა იმ დროს ამ ორივე რეგიონში“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბერლინის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი ჯეისონ დანლოპი.

ვინაიდან ისინი ამ დროისათვის აღმოჩენილი პირველი ორთოლაზმატინებია, ეს წყვილი მეცნიერებს მომავალ კვლევებში მთიბავების სიცოცხლის ხის უფრო ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჯგუფის წევრები დღეს მხოლოდ აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება, აღმოჩენა ავსებს კონტინენტის ზომის სიცარიელეს არაქნიდების გლობალურ გადანაწილებაში, მაგრამ ჯერ მაინც ბევრი კითხვა რჩება.

„დამატებითი ნამარხების აღმოჩენა სხვა წყაროებში, აუცილებელი იქნება, რათა სრულად შევძლოთ ორთოლაზმატინების ისტორიის რეკონსტრუქცია“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Acta Palaeontologica Polonica-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი