რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იაპონური თამბაქოს მწარმოებელი გიგანტის, Japan Tobacco International-ის (JTI) რუსეთში არსებული აქტივები სახელმწიფოს დროებით მართვაში გადაიყვანა. აქტივების ღირებულება 3.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
JTI ისეთი ცნობილი ბრენდების მწარმოებელია, როგორებიცაა Winston, Camel, LD და Sobranie. კომპანია რუსეთის თამბაქოს ბაზრის დაახლოებით 40%-ს აკონტროლებდა და ადგილობრივ საწარმოებში 4 000-მდე ადამიანს ასაქმებდა.
JTI იმ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს შორის იყო, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნის ბაზარი არ დატოვეს.
გადაწყვეტილებას იაპონიის მთავრობის პროტესტი მოჰყვა. ტოკიომ მოსკოვს შესაბამისი განკარგულების დაუყოვნებლივ გაუქმება მოსთხოვა.
აღსანიშნავია, რომ Japan Tobacco Inc.-ის აქციების 37%-ზე მეტს თავად იაპონიის სახელმწიფო ფლობს.