ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ ინიცირებული „დრონების კედლის“ რეალიზების დაწყებას დაელოდოს, პოლონეთი, უახლოეს თვეებში, დრონებისგან დაცვის საკუთარი ეროვნული სისტემის შემუშავებას დაიწყებს. ეს განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა 4 ნოემბერს გააკეთა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მთელი საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერების იდეას და მზად ვართ, განვიხილოთ ამ საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები ან მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ პრიორიტეტს მაინც ჩვენს ეროვნულ პროექტებს ვანიჭებთ,“ - განაცხადა ტომჩიკმა საინფორმაციო სააგენტო „ბლუნბერგთან“ ინტერვიუში.

სააგენტოს ცნობით, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო დრონების „აღმოჩენის, ჩახშობისა და განეიტრალების“ ტექნოლოგიებში“ ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

პირველი შედეგები, სავარაუდოდო, პროექტის დაწყებიდან უკვე სამ თვეში გამოჩნდება, ხოლო სისტემა მთლანად ორ წელიწადში ამოქმედდება.

„დრონების საწინააღმდეგო იარაღი ყოვლისმომცველი უნდა იყოს. ის უნდა შედგებოდეს ერთდროულად მოქმედი სხვადასხვა სენსორისა და ეფექტორისგან, რომლებიც ჯერ ობიექტებს აღმოაჩენენ და ამოიცნობენ, შემდეგ კი მათ გაანეიტრალებენ“, - აღნიშნა ტომჩიკმა.

მისივე თქმით, პოლონური ანტიდრონული სისტემის შესაქმნელად გაფორმებული კონტრაქტების, სულ მცირე, ნახევარი ადგილობრივ კომპანიებთან უნდა გაფორმდეს.

პროგრამა ევროკავშირის ახალი თავდაცვითი სესხების სქემით (SAFE) დაფინანსდება, რომლის ფარგლებშიც პოლონეთს 43.7 მილიარდ ევროზე აქვს წვდომა. ეს წევრი სახელმწიფოებისთვის გამოყოფილი ყველაზე დიდი თანხაა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უკრაინის ომის გაკვეთილებმა ნათლად წარმოაჩინა დრონებისგან პოლონეთის დაცვის გაძლიერების აუცილებლობა.

„რუსებისა და უკრაინელების მიერ უპილოტო იარაღის სისტემების გამოყენება აჩვენებს, რომ ამ სფეროში ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს შესაძლებლობების გაძლიერება ყველგან - ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე“, - ხაზი გაუსვა ტომჩიკმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირის დაგეგმილმა „დრონების კედელმა“, შესაძლოა, მოგვიანებით საჰაერო დაცვის პოლონეთის ეროვნული სისტემა „შეავსოს“.

„თუ რაიმე გარე ინსტრუმენტი იქნება, ჩვენ მასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, - დასძინა მან.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დაახლოებით 20 დრონის შესაკავებლად, სექტემბერში ნატო-მ ავიაგამანადგურებლები გამოიყენა. ეს იყო პირველი ასეთი რეაგირება მას შემდეგ, რაც 2022 წელს მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.