ახალი შეთანხმების ფარგლებში პაკისტანის ბირთვული შესაძლებლობები საუდის არაბეთისთვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი გახდება, – ამის შესახებ პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა მოჰამედ ასიფმა განაცხადა.

17 სექტემბერს ხელმოწერილი ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ერთ-ერთზე თავდასხმა ორივეზე თავდასხმას ნიშნავს.

კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა სხვებსაც შეუერთდნენ პაქტს, მინისტრმა თქვა, „შემიძლია ვთქვა, რომ კარი სხვებისთვის დახურული არ არის“.

დასავლური მედიის შეფასებით, ამჟამად ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი ბირთვული იარაღის არსენალი აქვს, თუმცა, სტრატეგიული მიზეზების გამო, ოფიციალურად ამას არ აღიარებს.

ანალიტიკოსები პაკისტანის გადაწყვეტილებას ისრაელისთვის გზავნილად აფასებენ.

შეთანხმება მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერებზე კატარში თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს უსაფრთხოების შესახებ ახალი შეშფოთება გაუჩინა.