თუ სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდება, რუსეთი ერევანთან ეკონომიკურ ურთიერთობებს გადახედავს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
"ახლოდან ვაკვირდებით პროცესებს. თუ სომხეთი ევროპისკენ სვლას განაგრძობს, აუცილებლად გადავხედავთ მთლიანად ეკონომიკურ ურთიერთობებს ამ ქვეყანასთან. ამას სამწუხაროდ გავლენა ექნება სომხეთის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე", - თქვა მან და დაამატა, რომ სომხეთს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს და ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა არ გამოვა.
ოვერჩუკის თქმითვე, შარშან სომხეთ-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 50%-ით 12.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მაშინ როცა მისი თქმით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.
"ეს აჩვენებს რამდენად მოგებიანია ევრაზიულ კავშირთან ვაჭრობა და რამდენად მოგებიანია ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, სომხებმა უნდა აირჩიონ", - აცხადებს რუსეთის ვიცე-პრემიერი.
სომხეთის პარლამენტმა 25 მარტს ხმათა უმრავლესობით, საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ. სომხეთის მთავრობამ 2025 წლის იანვარში შეათანხმა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასაწყებად და პარლამენტს გაუგზავნა. ევრაზიული კავშირი რუსეთის მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან რუსეთის მოკავშირე ან გავლენის ქვეშ მყოფის ქვეყნები.