საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ორგანიზებით, პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი გაიმართა, რომელიც ქუთაისში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი სახალ სივრცეში ჩატარდა. წელს

საკვალიფიკაციო გამოცდაში 58-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.

პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმის ფარგლებში, 11-წლიანი პაუზის შემდეგ,  საკვალიფიკაციო გამოცდები პირველად 2025 წელს, სრულიად ახალი მოდელით ჩატარდა. გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელს საგამოცდო დავალებები ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) რეკომენდაციით შერჩეული მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულ კანდიდატებს, გამოცდამდე 1 თვით ადრე, შესაძლებლობა ჰქონდათ უსასყიდლოდ გაევლოთ სპეციალურად წინასაგამოცდოდ შემუშავებული სამკვირიანი მოსამზადებელი კურსი, რომელიც საქპატენტის ორგანიზებითა და EPO-ს მხარდაჭერით მომზადდა. აღნიშნულ სასწავლო კურსს უძღვებოდნენ სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის(CEIPI) პროფესორები და ექსპერტები. პროგრამა მოიცავდა როგორც საერთო, ისე სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის საგამოცდო თემატიკას.

2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 5 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც გამოვლინდებიან კანდიდატები, რომლებმაც გამოცდის ორივე ეტაპი წარმატებით გაიარეს.

პატენტრწმუნებულთა პროფესიული კორპუსის განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკვალიფიკაციო სისტემის დანერგვა და პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პატენტრწმუნებულს განსაკუთრებული როლი აკისრია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებაში. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პროფესიულ რგოლს გამომგონებლებს, ინოვატორებს, მეწარმეებს, მეცნიერებსა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესაბამის ინსტიტუტებს შორის.

პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ტარდება.