აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები ციმბირში, შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ შემთხვევას ყურადღებით აკვირდება.
„ჩვენ ვიცით ის, რაც ვიცით. ცხადია, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც რუსულმა მხარემ გაავრცელა. როგორც ჩანს, ლაბორატორიის თანამშრომელი ინფიცირებული იყო და არსებობს შეშფოთება, რომ ინფექცია შესაძლოა, სულ მცირე, ლაბორატორიის შიგნით გავრცელებულიყო. თქვენ ნახეთ, რომ მათ კარანტინი და მსგავსი ზომები გამოიყენეს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, ეს შემთხვევა განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა საჭიროებს მონიტორინგს, რასაც აკეთებენ კიდეც.
„აშშ-სა და რუსეთს შორის, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდული მიმოსვლაა, მაგრამ, როგორც ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დროს, ასეთი რამ გარეთ თუ გავრცელდა, ის შეიძლება, სწრაფად გავრცელდეს. ამიტომ ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ. არ ვფიქრობ, რომ ეს განგაშის საფუძველს იძლევა, მაგრამ ეს არის მიზეზი, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას – და სწორედ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა რუბიომ.
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირისგან 28 წლის ქალი გარდაიცვალა. სტაციონარი, სადაც პაციენტი დაიღუპა, კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებამ შეწყვიტა ახალი პაციენტების მიღება და არსებულის გაწერა.
რეგიონალური მედიის ცნობით, გარდაცვლილი სავარაუდოდ ლაბორატორიაში მუშაობდა, სადაც 25 სექტემბერს, შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. თუმცა, ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.