ლონდონში 24-25 აგვისტოს გამართულ კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, კიდევ ერთს მჟავა შეასხეს. რადიოსადგურ "ბიბისის" ამის შესახებ პოლიციამ განუცხადა.

სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის არის 32 წლის ქალი, რომელიც კარნავალზე პატარა ბავშვით იყო მისული. ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ პოლიციის ანგარიშში არაფერია ნათქვამი.

სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 53-მა პოლიციელმა. მთლიანობაში დღესასწაულის განმავლობაში დააკავეს 330 ადამიანი. მათ ძირითადად ბრალი წაუყენეს იარაღისა და ნარკოტიკების შენახვაში, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმაში, ჩხუბსა და სექსუალიზებულ ძალადობაში.

"ჩვენ დავიღალეთ ყოველწლიურად ერთი და იმავე სიტყვების გამეორებით. ჩვენ დავიღალეთ ოჯახებისათვის იმის თქმით, რომ მათმა ახლობლებმა სერიოზული ან კიდევ უფრო უარესი დაზიანებები მიიღეს. ჩვენ დავიღალეთ კარნავალზე დანაშაულის დანახვით", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, რომელიც ფესტივალის პირველი დღის შემდეგ გაკეთდა.

აფრო-კარიბული კულტურის კარნავალი, რომელსაც რასობრივი კონფლიქტების შეწყვეტის მიზნით ჩაეყარა საფუძველი, 1966 წლიდან ტარდება ლონდონის ნოტინგ-ჰილის უბანში. ის ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს იზიდავს და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქუჩის ფესტივალად ითვლება.

ივლისის ბოლოს ბრიტანეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც 29 ივლისს დანით შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა ცეკვის კლუბში სამი გოგო მოკლა და კიდევ რამდენიმე ბავშვი დაჭრა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა.

ბოლო წლებში ბრიტანეთში დანით რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ზოგიერთი თავდასხმა რადიკალური ისლამისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები იყო.

რადიო თავისუფლება