ლატვიის პოლიციას შეიძლება დრონების ჩამოგდების ან მათი იძულებითი დაშვების ნებართვა მიეცეს. ეს უფლება გათვალისწინებულია „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, რომლებიც პირველი მოსმენით შიდა თავდაცვისა და კორუფციის პრევენციის საპარლამენტო კომიტეტს გადაეგზავნა. „ლატვიის რადიოს“ მიერ 14 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახამდ, პოლიციას მიაჩნია, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში, მისთვის ამ ფუნქციის მინიჭება აუცილებელია.
მოქმედი კანონმდებლობით, ლატვიის სახელმწიფო პოლიციას ამჟამად მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის დაფიქსირება შეუძლია, მაგრამ, გარკვეული ეჭვების შემთხვევაშიც კი, ხალხმრავალი ადგილებიდან მის მოსაშორებლად საჭირო ზომებს ვერ მიიღებს. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება, სპეციალური საშუალებების და დისტანციურად ან ავტონომიურად კონტროლირებადი მოწყობილობების დაჭერის, იძულებითი დაშვების ან განადგურების მიზნით, მხოლოდ სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურს და ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიციის სპეციალური დანაყოფის მხრიდან ანალოგიური რეაგირების შესაძლებლობას, თუ ის ეჭვობს, რომ დრონი კრიმინალური მიზნებისთვის გამოიყენება.
კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში ექნება მომავალში პოლიციას რეაგირების უფლება, ლატვიის სახელმწიფო პოლიციის ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარის ვიტკოვსკისმა აღნიშნა, რომ ეს იმ დროს მოხდება, თუ მავნე ან საშიში მიზნებისთვის დრონის გამოყენების საფრთხე იარსებებს.
ხალხმრავალ ადგილებში საეჭვო დრონების გამოჩენის მკაფიო მაგალითად მან დაასახელა ინციდენტი, რომელიც 13 იანვრის საღამოს მოხდა, როდესაც რიგის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებას დრონმა შეუშალა ხელი, რის გამოც სამი თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. ამ ვითარებაში პოლიციას მხოლოდ პრობლემის იდენტიფიცირება შეეძლო, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი შეიარაღებულ ძალებს უნდა ემოქმედათ.
კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობები გულისხმობს არა მხოლოდ დრონების ჩამოგდებას, არამედ ასევე სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა საფრთხის თავიდან იქნას არიდებული.
„არსებობს სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება. თუ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ვიზუალურად დავადგენთ, რომ, მაგალითად, საჯარო ღონისძიების დროს, დრონზე ასაფეთქებელი ნივთიერებებია მიმაგრებული, ყველა ზომას მივიღებთ ამ დრონის გასანეიტრალებლად. ტექნიკური შესაძლებლობები ასევე შესაძლებელს ხდის დრონის კონტროლის ქვეშ მოქცევას და ნეიტრალურ ტერიტორიაზე მის იძულებით დაშვებას, რითაც ადამიანებისთვის რისკი შემცირდება. ასევე არსებობს დრონის ფრენის შეჩერებისა და აფრენის წერტილამდე დაბრუნების საშუალება. ასეთი აღჭურვილობა არ არის იაფი, მაგრამ ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია და მოსახლეობისთვის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს“, - ამბობს ვიტკოვსკისი.
ვინაიდან კანონი ჯერ არ აძლევს სახელმწიფო პოლიციას დრონების ჩამოგდების ან იძულებით დასმის უფლებას, პოლიცია ასეთი აღჭურვილობის შესყიდვას არ ჩქარობს.
კანონპროექტი ლატვიის სეიმში განხილვის ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისი მიღება არ გაჭიანურდება, რადგან კანონპროექტს მხარს უჭერს რამდენიმე სამინისტრო, ომბუდსმენის ოფისი და სეიმის იურიდიული ბიურო. კანონში ცვლილებების ძალაში შესვლისთვის სამი მოსმენა უნდა ჩატარდეს.
წყარო: 1tv.ge