„საქართველოში მიმდინარეობს დემოგრაფიული დაბერების პროცესი“, - ამის შესახებ დემოგრაფმა გიორგი მელაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში შობადობა 30-წლიან მინიმუმზეა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა (შენიშვნა: საქსტატზე მონაცემები წარმოდგენილია 1994 წლიდან). 1994-2024 წლების განმავლობაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა და 60 635 შეადგინა. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს. ბოლო წლებში კლების დინამიკით ხასიათდება გარდაცვალების მაჩვენებლებიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შობადობას აჭარბებს. მაგალითად, 2024 წელს ქვეყანაში 43 971 პირი გარდაიცვალა.
როგორც გიორგი მელაძე აღნიშნავს, შობადობისა და სიკვდილიანობის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის დეპოპულაცია.
„შობადობის სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციები კლების ტრენდით ხასიათდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნულ მოვლენას, თავისი მიზეზები გააჩნია. შობადობის კლება გლობალური მასშტაბით 200 წელზე მეტია მიმდინარეობს. დაფიქსირებული ფაქტი თუკი თავდაპირველად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში შეიმჩნეოდა, მოგვიანებით მსოფლიოს სულ უფრო მეტი ქვეყანა მოიცვა.
დღესდღეობით, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს ერთი ქალის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობას, იმ 237 ქვეყნიდან, რომლის შესახებაც გაეროს მოეპოვება მონაცემები, 137-ში კრიტიკულ დონეზე (2.1) დაბალია. საუკუნის დასასრულისათვის აღნიშნული ქვეყნების რაოდენობა თითქმის 200-ს მიაღწევს. ყოველივე ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ამ ქვეყნებში არ მოხდება თაობათა განახლების პროცესი. აღნიშნული პრობლემა გლობალური მასშტაბისაა და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს“, - ამბობს დემოგრაფი.
ამასთანავე, გიორგი მელაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოგრაფიული სისტემის შობადობის პოტენციალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
„რაც შეეხება საქართველოს, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველი ნახევრიდან აღარ ხდება თაობების შენაცვლება, ხოლო არსებული დონის მომავალში შენარჩუნების პირობებში, სამომავლოდ თაობების განახლება მხოლოდ 80%-ით მოხდება.
შარშან ჩვენს ქვეყანაში 40 ათასზე ნაკლები ბავშვი დაიბადა (39 483), რაც უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენდა 1935 წლიდან დღემდე. დაბადებული ბავშვების რაოდენობაზე უფრო ნაკლები ახალშობილი, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ისიც მხოლოდ 1943 წელს დაფიქსირდა (34 057).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახან გამოქვეყნდა შობადობის სტატისტიკა 2025 წლის წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით. 2024 წლის იგივე დროის მონაკვეთთან შედარებით, 1 159-ით ნაკლები ბავშვის დაბადება დაფიქსირდა. მომავალში, სამწუხაროდ, არ უნდა ველოდოთ შობადობის მატებას, რის უმნიშვნელოვანესი მიზეზიც ფერტილური ასაკის (15-49 წწ.) ქალების მცირე რაოდენობაა. საქართველოში 1995 წელს, აღნიშნული ასაკის 1 223 600 ქალი დაფიქსირდა. 2025 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით კი 401.5 ათასით ნაკლები. საქართველოს დემოგრაფიული სისტემის შობადობის პოტენციალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
განხილული ექვსი თვის დროის პერიოდში, ოდნავ გაიზარდა გარდაცვალებათა რაოდენობა. ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი მოკვდაობის მაჩვენებლების კლება, ვინაიდან საქართველოში მიმდინარეობს დემოგრაფიული დაბერების პროცესი. შობადობისა და მოკვდაობის მონაცემებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის დეპოპულაცია.
ამასთანავე, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მიგრაციული სალდო (სხვაობა ჩამოსულებსა და წასულებს შორის) მუდმივად უარყოფითი იყო. შარშან მიგრაციის დადებითი სალდო დაფიქსირდა, თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. ვინაიდან გასულებს შორის 53,2% საქართველოს მოქალაქეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსულებს შორის თითქმის ნახევარი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. რა თქმა უნდა სასურველია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ნაკლებად გადიოდნენ ქვეყნიდან“, - აცხადებს რესპონდენტი.
როგორც გიორგი მელაძე აღნიშნავს, საჭიროა სამთავრობო დონეზე შეიქმნას მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს.
„იმ ღონისძიებათა შორის, რომელიც აუცილებელია გატარდეს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების დასარეგულირებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სამთავრობო დონეზე დაკომპლექტდეს მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს აღნიშნულ პრობლემებზე. ქვეყნის წინაშე მდგარი დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს და მათ გადაჭრას უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება“, - განაცხადა გიორგი მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.