მეტალურგიის დარგის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო “რუსთავის ფოლადი” არმატურის ბიზნესიდან გასვლას და ამ მიმართულებით საწარმოო სიმძლავრეების გასხვისებას განიხილავს.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი იგორ კორიტკო BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნაკერო მილების წარმოების გაფართოება და ექსპორტის ზრდაა.

კორიტკოს თქმით, კომპანიის ახალ მენეჯმენტს ჯერჯერობით არმატურის ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა კომპანიისთვის ეს მიმართულება შედარებით ნაკლებად საინტერესო გახდა, ამიტომ შესაძლოა, რომ მისი გაყიდვის საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

მისივე თქმით, საქართველოში არმატურის წარმოება მერყევი ფაზებით ხასიათდება, ეს პროდუქცია ძირითადად, ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი, უნაკერო მილების წარმოება კი, რომელიც საექსპორტო საქონელია, ბევრად მოგებიანია, ამიტომ საწარმო ამ მიმართულების გაძლიერებას გეგმავს.

“2023 წლამდე “რუსთავის ფოლადი” მთავარ აქცენტს ქართული ბაზრისთვის განკუთვნილ არმატურაზე აკეთებდა. ჩვენ კი აქცენტი უნაკერო მილების წარმოებაზე გადავიტანეთ. რატომ? იმიტომ, რომ გვჯერა, გვაქვს დიდი შესაძლებლობა, გავზარდოთ მილების წარმოება და გაყიდვები მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. ეს პროდუქტი უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის, ვიდრე არმატურა. ისტორიულად, ჩვენი წილი არმატურის ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 25% იყო. 30% – სხვა ქართველი მწარმოებლებისთვის და დაახლოებით ნახევარი იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდიოდა. იმავდროულად, როდესაც გავზარდეთ უნაკერო მილების წარმოება, ზოგჯერ ვამცირებდით არმატურის წარმოებას.

შესაბამისად, ახლა ჩვენი წილი ამ ბაზარზე 20%-ზე ნაკლებია, მაგრამ ეს ჩვენთვის აბსოლუტურად კომფორტულია, რადგან ერთ ტონა უნაკერო მილზე არსებული მარჟა არმატურისას სამჯერ აღემატება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბაზარი, ეს პროდუქტი ჩვენთვის არც ისე საინტერესოა და ახლა განვიხილავთ, რომ შესაძლოა, არმატურის მიმართულება გავყიდოთ. კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ასეთ შესაძლებლობას განვიხილავთ. თუ ჩვენს წარმოებას შეხედავთ, გვაქვს ძირითადად სამი მთავარი საამქრო: ფოლადსადნობი საამქრო, საამქრო, რომელიც არმატურას აწარმოებს და საამქრო, რომელიც მილებს აწარმოებს. ჩვენ შეგვიძლია მარტივად გამოვყოთ არმატურის მწარმოებელი საამქრო”, - განაცხადა იგორ კორიტკომ.

ცნობისთვის, საქართველოს უმსხვილეს მეტალურგიულ ქარხანას - “რუსთავის ფოლადს” ახალი მენეჯმენტი გასული წლის დეკემბრიდან ჰყავს. მას იგორ კორიტკო ხელმძღვანელობს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ნუგზარ კაჩუხაშვილი ჩაანაცვლა. კორიტკოსთან ერთად ქარხნის მენეჯმენტს შეუერთდა ანდრეი პარხომჩუკი, რომელიც დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს.

bm.ge