“დიდი შვიდეული” რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთობლივად გაძლიერებას მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრების განცხადების პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ოთხშაბათს, 1 ოქტომბერს, ერთობლივი განცხადებით უნდა გამოვიდნენ, რომელიც რუსეთზე შემდგომ ზეწოლასა და უკრაინის მხარდაჭერას შეეხება.
“ვეთანხმებით ერთად მოქმედების საჭიროებას და ვთვლით, რომ ახლა ზომების მნიშვნელოვნად და კოორდინირებულად გაძლიერების დრო დადგა, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის სიმყარესა და კრიტიკულად დავასუსტოთ რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ ომი,” - ნათქვამია ერთობლივი განცხადების პროექტში.
ასევე აღნიშნულია, რომ “დიდი შვიდეული” რიგ ვარიანტებზე მუშაობს, რომლებიც ახალ ზომებს მოიცავენ რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების წინააღმდეგ, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და სამხედრო მრეწველობა.
ასევე, საუბარია შეზღუდვების გაძლიერების შესაძლებლობაზე ქვეყნებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ მოსკოვის სამხედრო ძალისხმევებსა და მას სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
“შევთანხმდით, რომ ახლა რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ზეწოლის მაქსიმალურად გაძლიერების დრო დადგა, რაც რუსეთის შემოსავლების ძირითადი წყაროა,” - ნათქვამია განცხადების პროექტში.
ასევე აღნიშნულია, რომ “დიდი შვიდეულის” მინისტრები განიხილავენ უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს, კერძოდ კი რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების შემდგომი გამოყენების გზების კოორდინაციას.