ტურისტული და გასტრონომიული სივრცე „კესანე - არ დამივიწყოს“ დამფუძნებლის, გვანცა ყრუაშვილის შეფასებით, რაჭას ყველა სეზონზე ტურისტების მოზიდვის დიდი შესაძლებლობა აქვს, თუმცა რეგიონი სათანადო პოპულარიზაციას საჭიროებს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

„რაჭა შემოდგომაზე ძალიან ლამაზია და სტუმრობა წესით ამ პერიოდში აქტუალური უნდა იყოს. როგორც კახეთში იქცა რთველი ტურისტულ რიტუალად, ანალოგიურად შეიძლება რაჭამაც განავითაროს მსგავსი გამოცდილება. მაგალითად, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ფესტივალების გამართვა. ამასთან, მნიშვნელოვანია მინიმალური სერვისების ხელმისაწვდომობა, სატრანსპორტო ლოგისტიკის გამართვა. ჩვენ ამბროლაურთან ძალიან ახლოს ვართ და კარგი იქნებოდა, რომ ტურისტს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ჩვენთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოვიდეს“, - აღნიშნა ყრუაშვილმა.

მისი განმარტებით, ზამთრის სეზონიც საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის, მათ შორის, სათხილამურო კურორტის განვითარების მიმართულებით. თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე, არ არის ბოლომდე ნათელი, რამდენად რეალისტურია მსგავსი პროექტების განხორციელება.

„ბიზნესი ვერ განვითარდება მხოლოდ ერთი, ორი ან სამ თვიანი დატვირთული სეზონით. დამატებითი ინვესტიციების გარეშე მისი მდგრადი განვითარება შეუძლებელია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკას ასეთი მიმართულებების გაძლიერება სჭირდება“, - დასძინა მან.

გვანცა ყრუაშვილის თქმით, „კესანე - არ დამივიწყოს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ადგილობრივი მეწარმეების და მეღვინეების პროდუქციის პოპულარიზაციაა. მიმდინარე სეზონზე, ობიექტში 15-ზე მეტი ადგილობრივი მეღვინის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

„ეს განსაკუთრებით საინტერესოა უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენენ როგორც ქართული გასტრონომიის, ისე ღვინის კულტურის მიმართ“, - აღნიშნა ობიექტის დამფუძნებელმა.

bm.ge