ლატვიის სეიმმა ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები პირველი მოსმენით 12 სექტემბერს იქნა მიღებული და 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება.

ახალი წესების თანახმად, ყველა ბელარუსული საავტომობილო საშუალება, რომელიც ლატვიაშია, 31 ოქტომბრამდე ქვეყნიდან უნდა იქნეს გაყვანილი ან ხელახალი რეგისტრაცია გაიაროს. ამის შემდეგ ბელარუსული რეგისტრაციის მქონე ავტომობილები ლატვიაში შესვლას მხოლოდ ტრანზიტული მოძრაობისთვის შეძლებენ, რისთვისაც საგზაო უსაფრთხოების დირექტორატის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წინასწარი განაცხადი უნდა წარადგინონ.

ახალი წესების შეუსრულებლობისთვის მძღოლებს ავტომობილებს ჩამოართმევენ და უკრაინას გადასცემენ.

გამონაკლისები გათვალისწინებულია შეზღუდული მობილურობის მქონე ადამიანებისთვის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სპეციალური შემთხვევებისთვის, რაზეც ნებართვა ლატვიის ფინანსური დაზვერვის სამსახურმა უნდა გასცეს.

ცნობისთვის, 2023 წელს ევროპულმა ქვეყნებმა რუსულნომრიანი ავტომობილების მათ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალეს. ასეთი აკრძალვა პოლონეთმა 17 სექტემბრიდან, ფინეთმა 16 სექტემბრიდან, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა 13 სექტემბრიდან, ნორვეგიამ კი 3 ოქტომბრიდან შემოიღო. აკრძალვის საფუძველი ევროკომისიის განმარტება გახდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების ევროკავშირში შესვლა არალეგალურ იმპორტად განიხილება იმის მიუხედავად, ის კერძო თუ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება.

ამასთან, მიმდინარე წლის 26 ივნისს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც, პირველ რიგში, სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

ბიზნესპრესნიუსი