კვიპროსის მთავრობამ ბანკები დაავალდებულა, რუსულ რუბლთან ყველა ოპერაცია შეწყვიტონ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, Politis ავრცელებს.

პარალელურად იურიდიულ და საბუღალტრო ორგანიზაციებში დაიწყო ინსპექტირება ბიზნესის რეგისტრაციის დაჩქარებული პროცედურის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის დახმარებით რუსები კვიპროსში ბინადრობისა და მუშაობის ნებართვებს იღებდნენ.

Politis წერს, რომ აშშ კვიპროსში მალე 24-კაციან გუნდს, მათ შორის, FBI-ისა და ფინანსური დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს (FinCen) წევრებს გაგზავნის. ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებულ 29 სასამართლო საქმის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას.

კიდევ ერთი გამოცემა, Cyprus Mail წერს, რომ რუსულ ვალუტასთან ტრანზაქციების შეწყვეტისა და ამ საქმეების გამოძიებაში ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) გამოძიების ფონზე მიიღო, რომელიც კვიპროსში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სასანქციო რეჟიმის დარღვევას ეხება.

ICIJ-ის გამოძიება 14 ნოემბერს გამოქვეყნდა. კერძოდ, მასში საუბარია კუნძულზე რუსი ბიზნესმენების ინვესტიციებსა და „ოქროს პასპორტებთან“ დაკავშირებულ სკანდალზე. Cyprus Mail-ის ცნობით, კვიპროსში სანქციების გვერდის ავლის საქმეში PricewaterhouseCoopers-ის ოფისის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ICIJ-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კვიპროსში ჩინეთის საგადახდო სისტემის, UnionPay-ის მიერ რუსეთში გაცემული ბარათების მოქმედება შეჩერდა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბარათების დაბლოკვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის გაცემულ სამთავრობო ბრძანებულებას არ წარმოადგენს და UnionPay-ის მუშაობის შეწყვეტა „რისკების შეფასების პოლიტიკის შესაბამისად მისი პროვაიდერის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა.“

bpn.ge