კატარული ჯგუფი Estithmar Holding-ი სირიის Shahba Bank-ზე კონტროლის მოპოვებას და Syrian International Islamic Bank-ში 30%-იანი წილის შესყიდვას გეგმავს. ეს იქნება პირველი უცხოური საბანკო შესყიდვა სირიაში ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ეს ნაბიჯი, რომელიც გასული წლის ბოლოს სირიისთვის აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნას მოჰყვა, ემთხვევა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მცდელობას, 14-წლიანი ომითა და დასავლური სანქციებით მძიმედ დაზიანებული საბანკო სექტორის რეკაპიტალიზაცია მოახდინოს.

სამი წყაროს ინფორმაციით, Estithmar-ი, რომელიც დოჰაში ბაზირებული კონგლომერატის - Power International Holding-ის ნაწილია და რომელსაც სირიელი-ყატარელი ძმები, მუთაზ და რამეზ ალ-ხაიატები ხელმძღვანელობენ, Shahba Bank-ის საკონტროლო, 60%-იან პაკეტს მას შემდეგ დაეუფლება, რაც Bemo Saudi Fransi-სა და Ahli Trust Bank-ის წილებს გამოისყიდის.

"მათ ბანკთან დაკავშირებით ძალიან ამბიციური გეგმა აქვთ, რაც კაპიტალის გაზრდასა და საკორესპონდენტო ბანკებთან კომუნიკაციის გამარტივებას გულისხმობს", - განაცხადა მედიასთან ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც Shahba Bank-ის გეგმებს იცნობს.

წყაროს თანახმად, Syrian International Islamic Bank-ის (SIIB) კიდევ 30%-ს უკვე ფლობენ ყატარელი პარტნიორები.

შესყიდვებს ჯერ მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.

სირიის ცენტრალური ბანკის მმართველმა, აბდელკადერ ჰუსრიემ განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საკითხი კონფიდენციალურია.

"თუმცა, ცენტრალური ბანკი მიესალმება ნებისმიერ პოტენციურ რესტრუქტურიზაციასა თუ საბაზრო ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს საბანკო სექტორის სტაბილურობას, მდგრადობასა და ჯანსაღ მმართველობას, იმ პირობით, თუ ისინი სრულად შეესაბამება მოქმედ კანონებსა და მარეგულირებელ მოთხოვნებს", - განუცხადა მან Reuters-ს.

აღნიშნული შესყიდვები ხაიატების პროექტებისა და ინვესტიციების მზარდ პორტფელს დაემატება. მათ კომპანიებს სირიაში უკვე აქვთ გაფორმებული კონტრაქტები ელექტროენერგიის გენერაციის პროექტებზე, ასევე დამასკოს აეროპორტის განახლებასა და გაფართოებაზე.

წყაროების ცნობით, ATB და Bemo Shahba Bank-ში საკუთარი წილების გაყიდვით მიღებულ თანხას თავიანთ ბანკებში კაპიტალის შესატანად გამოიყენებენ, იმ ფონზე რომ ისინი მეზობელ ლიბანში არსებული ფინანსური კრიზისის გავლენით დაზარალდნენ.

bm.ge