კანის 76-ე კინოფესტივალის ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ფესტივალის სასახლის ირგვლივ, 5 მძლავრი ელექტრო გენერატორი დაამონტაჟეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

აპრილში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ, საფრანგეთის პროფკავშირების ფედერაცია FNME-CGT-მ გააკეთა განცხადება, რომ დიდ ღონისძიებებზე, მათ შორის კანის კინოფესტივალზე და როლან-გაროსის ჩოგბურთის ტურნირზე, შესაძლოა ელექტროენერგია გათიშულიყო.

კანის ხელისუფლებამ, კრუაზეტის მახლობლად, ფესტივალის განმავლობაში, ნებისმიერი ქუჩის აქცია აკრძალა. ამ აკრძალვას ხელი არ შეუშლია უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანებისთვის, რომელმაც 19 მაისს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია დაგეგმა. აქცია „ვარსკვლავების სასტუმრო“ Carlton-თან ჩატარდება

შეგახსენებთ, რომ კანის 76-ე კინოფესტივალი 16 მაისს გაიხსნება და 27 მაისამდე გაგრძელდება.