გრენლანდიის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე იტალია ნატო-ს არქტიკაში კოორდინაციისკენ მოუწოდებს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ნატო-ს მოუწოდა, არქტიკის რეგიონში „კოორდინირებული წარმომადგენლობა“ შეიმუშაოს, რათა თავიდან აიცილოს დაძაბულობა და უპასუხოს „სხვა აქტორების ჩარევას“.

იტალიის მთავრობის მიერ არქტიკის შესახებ მომზადებული დოკუმენტის წარდგენისას მელონიმ განაცხადა, რომ რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახალი საზღვაო მარშრუტების განვითარების, ასევე უზარმაზარი „ენერგეტიკული და მინერალური რესურსების“ გამო.

ცნობისთვის, იტალია 2013 წლიდან არქტიკის საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს და ბოლო პერიოდში განაახლა საკუთარი პოლიტიკა, აშშ-სა და დანიას შორის გრენლანდიასთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე.

„ჩვენ არქტიკის საბჭოში დამკვირვებელი ქვეყანა ვართ და ყოველთვის ვიცავდით საერთაშორისო სამართალს, დაწყებული გაერო-ს ზღვის სამართლის კონვენციით“, – განაცხადა მელონიმ.

იტალიის მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ არქტიკის მიმართ ინტერესის გაძლიერებაზე, რაც ამ რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდასაც მოიცავს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ჩინეთის მცდელობა, გაზარდოს თავისი როლი არქტიკაში. ეს მოიცავს პეკინის მხრიდან ინტერესის ზრდას ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტით გადაზიდვების მიმართ და მოსკოვთან გაღრმავებულ კავშირებს, მათ შორის სამხედრო სფეროშიც.

1tv.ge