იტალიაში ბანკებს, მაღალი მოგების მიღების შემთხვევაში, უკვე მიმდინარე წელს, 40%-იანი გადასახადი დაუწესდებათ.

ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ ამ სახსრებს იპოთეკარების დასახმარებლად და გადასახადების შესამცირებლად გამოიყენებს. ეს რეგულაცია, რომელმაც „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბაზრები და ფინანსური წრეები გააკვირვა, იტალიის მთავრობამ ორშაბათს, გვიან ღამით, საზაფხულო შესვენების წინ გამართულ ბოლო სხდომაზე დაამტკიცა.

იტალიის მთავრობამ საბანკო გადასახადი იმ ღონისძიებების პაკეტში შეიტანა, რომელიც საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს - ტაქსების ლიცენზირებიდან დაწყებული და უცხოურ ინვესტიციებით დამთავრებული. სააგენტო „ანსა“-ს (ANSA) ცნობით, ამ გადასახადმა სახელმწიფო ხაზინა, შეიძლება, ორ მილიარდ ევროზე მეტითაც კი შეავსოს.

„საკმარისია 2023 წლის პირველ ნახევარში ბანკების მოგებას უბრალოდ გადახედოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ საუბარია არა რამდენიმე მილიონიან, არამედ მილიარდობით მოგებაზე, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთების ზრდის შედეგია,“, - აღნიშნა სალვინიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზედაც ის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის გარეშე გამოცხადდა. როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ულტრამემარჯვენე ლიგის ლიდერი მმართველი კოალიციის ყველაზე აქტიური წევრია, როდესაც საქმე პოპულისტურ საკითხებს ეხება.

„თუ ფულის ღირებულება მოსახლეობისა და ბიზნესისთვის გაორმაგდა, და ეს მართლაც ასეა, ის თანხები, რასაც მიმდინარე ანგარიშის მფლობელები დივიდენდების სახით იღებენ, ნამდვილად არ გაორმაგებულა,” - განაცხადა სალვინიმ და დასძინა, რომ დიდი განსხვავებაა სესხებისთვის დაწესებულ განაკვეთებსა და განაკვეთებს შორის, რომლის მიხედვითაც ბანკები მეანაბრეებს დივიდენდებს უხდიან.