ირლანდია იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც სამ წელიწადში ალკოჰოლური სასმელი სპეციალური, „საშიში“ ეტიკეტებით გაიყიდება. ყველა ბოთლზე მითითებული იქნება სასმლის კალორაჟი და მასში ალკოჰოლის შემცველობა, ასევე გაფრთხილება ორსულობის პერიოდში დალევისგან გამოწვეული რისკების შესახებ.
შესაბამის კანონს ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა სტივენ დონელიმ მოაწერა ხელი. კანონის თანახმად, 2026 წლიდან ყველა ალკოჰოლურ სასმელზე იქნება ინფორმაცია, თუ რა სახის საფრთხეს უქმნის ის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ეტიკეტზე დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება იწვევს ღვიძლის კიბოსა და ძუძუს კიბოს, რომელთაც შესაძლოა სასიკვდილო შედეგი მოჰყვეს.
მანამდე ამგვარი ეტიკეტები ევროკომისიის დონეზე დამტკიცდა. თუმცა, სამხრეთ ევროპის ღვინის მწარმოებელმა ქვეყნებმა იტალიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ბიზნესის გაჯანსაღებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარ ტენდენციას კატეგორიულად არ დაუჭირეს მხარი.
ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს ყოველწლიური კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 79%-ს არ ჰქონდა ინფორმაცია მკერდის კიბოს რისკის შესახებ, რომელიც ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება, დაახლოებით 49%-მა არ იცოდა კავშირი ალკოჰოლის მოხმარებასა და არტერიულ წნევას შორის, ხოლო გამოკითხულთა 7%-ს მიაჩნდა, რომ ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღება უსაფრთხოა.