ირანი უარს ამბობს მის მარაგში არსებული 300 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანის ექსპორტზე, თუმცა მზადაა შეამციროს მის მიერ გაერო-ს ბირთვული ინსპექტორის, ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ არსებული მარაგის სისუფთავე, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს წინადადება იქნება იმ შეთავაზების ცენტრში, რომელსაც ირანი უახლოეს დღეებში აშშ-ს წარუდგენს იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, გამოიყენოს თუ არა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული უზარმაზარი სამხედრო-საზღვაო ძალები ქვეყანაზე თავდასხმისთვის.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მაშჰადის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში და თეირანის სულ მცირე ორ უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები დაიწყო, რამაც ქუჩებში ახალი შეტაკებები გამოიწვია.
უნივერსიტეტები ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც პროტესტის შიშის გამო დაიხურა. შარიფის უნივერსიტეტში სტუდენტები სკანდირებდნენ „ჯავედ შაჰს“, „სანამ მოლა სუდარაში გახვეული არ იქნება, ეს სამშობლო სამშობლო არ გახდება“ და „სიკვდილი დიქტატორს“. შარიფის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სტუდენტებს პროტესტის შეჩერებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ხელისუფლება სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში იძულებით დააბრუნებდა.
The Guardian-ი წერს, რომ ირანს აქვს ურანის მარაგი, რომელიც გამდიდრებულია 60%-მდე, მაგრამ მზადაა, სისუფთავე 20%-მდე ან უფრო დაბალ ნიშნულამდე შეამციროს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-ს არ ჰქონია მოთხოვნა ირანმა გამდიდრების უფლებაზე უარი თქვას და ყურადღება გამახვილებულია გამდიდრების დონესა და დაშვებული ცენტრიფუგების რაოდენობაზე.
იყო განხილვები მარაგის რუსეთში გაგზავნისა და ირანის შიდა გამდიდრების პროგრამის საზღვარგარეთულ კონსორციუმთან დაკავშირების შესახებ, თუმცა ირანული წყაროები ამტკიცებენ, რომ კონსორციუმის კონცეფცია არ წამოჭრილა.