ირანში ფრენები განახლდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის მიერ შესაძლო სამხედრო მოქმედებების გამო ირანმა საჰაერო სივრცე დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში დახურა, რის გამოც ფრენები გაუქმდა და გადამისამართდა.

მანამდე, გამოცემამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავდა და ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა მომდევნო 24 საათის განმავლობაში იყო მოსალოდნელი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა შეწყდა“.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ „მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს“.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2571 ადამიანი დაიღუპა.

www.interpressnews.ge