CNN ინფორმირებულ წყაროებსა და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყში მოქმედი პროირანული ტერორისტული დაჯგუფებების წევრები ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დარბევაში რეჟიმის დასახმარებლად ჩავიდნენ.

ერაყული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გამოცემას უყვება, რომ ბოლო კვირებში თითქმის 5 000 ტერორისტი ირანში ერაყის სამხრეთში მდებარე ორი სასაზღვრო გადასასვლელიდან შევიდა.

CNN-ის მიერ ნანახი ევროპული სამხედრო დოკუმენტის მიხედვით, ირანში შესული ტერორისტების დიდი ნაწილი ისეთ ჯგუფებს განეკუთვნებიან, როგორიცაა ქათაიბ ჰეზბოლა (იგივე ჰესბოლას ბრიგადები), ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბა, ქათაიბ საიდ ალ-შუჰადა და ბადრის ორგანიზაცია. ეს ტერორისტული დაჯგუფებები ქოლგა-სტრუქტურის ფარგლებში მოქმედებენ, რომელიც ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების (PMF) სახელითაა ცნობილი.

ცნობისთის ქათაიბ ჰეზბოლა, ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბა და ქათაიბ საიდ ალ-შუჰადა აშშ-ს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის გამოცხადებული.

ევროპული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დაჯგუფებების წევრების აქტივობა ირანის რამდენიმე სენსიტიურ რაიონშია დაფიქსირებული, მათ შორის ქალაქებში, როგორიცაა ჰამადანი, სადაც ისინი პროტესტების დარბევაში იყვნენ ჩართულნი.

"უცხოელ მებრძოლებზე დაყრდნობა რეპრესიული ძალებისა და დემონსტრანტებს შორის ნებისმიერი სახით დაახლოების შესაძლებლობის ნეიტრალიზების მკაფიო სტრატეგიის ფარგლებში ჯდება" - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპელმა სამხედრო წყარომ ასევე დაუდასტურა CNN-ს, რომ პროტესტების დარბევაში მონაწილეობის მისაღებად ირანში დამატებით 800 შიიტი მებრძოლი რელიგიური მომლოცველობის საბაბით გადავიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ერაყის უფლებებისა და თავისუფლების ობსერვატორიის (IOHR) განცხადების მიხედვით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყელი ტერორისტების ტალღების ირანში შესვლა ქვეყანაში თითქმის სამი კვირის წინ პროტესტების დაწყებას ემთხვევა.

tabula.ge