ირანის სასულიერო ლიდერმა, ალი ხამენეიმ, თეოკრატიული სისტემის სათავეში ყოფნისას, არაერთ კრიზისს გაუძლო. ის არის უნარიანი სტრატეგი, რომელსაც რეპრესიების გამოყენებაზე არასოდეს უყოყმანია. თუმცა, ხამენეი დღეს უპრეცედენტო გამოწვევებს აწყდება.

მას შემდეგ, რაც 1981 წელს პრეზიდენტი გახდა და ამ პოსტზე ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი შეცვალა, ალი ხამენეი 86 წლის ასაკშიც დომინანტ ფიგურად რჩება.

ალი ხამენეი რეჟიმის საყრდენია. მან სასტიკად ჩაახშო 1999 წლის სტუდენტური მღელვარება, 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეული მასობრივი პროტესტი და 2019 წლის დემონსტრაციების ტალღა.

წინასწარმეტყველ მუჰამედის სავარაუდო შთამომავლების, საიდების მსგავსად, ხამენეი შავ ჩალმას და სქელ თეთრ წვერს ატარებს. ის ასევე დაუპირისპირდა 2022-2023 წლებში აგორებულ მოძრაობას, სახელწოდებით „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“. ეს პროტესტი პატიმრობაში მყოფი მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც ქალებისთვის დაწესებული ჩაცმის მკაცრი კოდექსის სავარაუდო დარღვევის გამო დააკავეს.

ირანის ამჟამინდელი უზენაესი ლიდერი იძულებული გახდა, დამალულიყო ივნისის 12-დღიანი ომის დროს, რომელიც ირანის დაუძინებელი მტრის, ისრაელის უპრეცედენტო თავდასხმამ გამოიწვია. ამ მოვლენამ ირანის სადაზვერვო სამსახურებში არსებული ღრმა ინფილტრაცია გამოააშკარავა.

ალი ხამენეიმ ეს ომიც გადააგორა. ქვეყანაში დაწყებული პროტესტის ახალი ტალღის ფონზე, პარასკევს ის საჯაროდ გამოვიდა მწვავე სიტყვით, რომელშიც დემონსტრანტები აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილ „ვანდალების ბანდად“ მოიხსენია.

„ყველამ იცის, რომ ისლამური რესპუბლიკა ასობით ათასი ღირსეული ადამიანის სისხლით მოვიდა ხელისუფლებაში; საბოტაჟის მომწყობთა წინაშე ის უკან არ დაიხევს“, - განაცხადა მან.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამოსვლები მან მკაცრი ზომებით ჩაახშო, რასაც უფლებადამცველების თქმით, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მისი ძალაუფლება დღეს ბევრად უფრო მყიფეა.

საზოგადოებრივი უკმაყოფილება

„სისტემა, ხამენეის ხელმძღვანელობით, არაერთხელ დაუპირისპირდა ხალხის პროტესტს. ის პროტესტის მონაწილეებს, ყოველ ჯერზე, რკინის ხელით ანადგურებდა და ამასთან, მმართველობას ისეთივე არამდგრადს ტოვებდა, როგორიც მანამდე იყო“, - ნათქვამია კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მიერ 14 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„ამ მიდგომამ სისტემას დრო მოაგებინა, მაგრამ წარმატებამ, რომელიც მხოლოდ ოპონენტების იძულებაში გამოიხატება, ლიდერებს ძალიან მცირე სტიმული მისცა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც საზოგადოებრივ უკმაყოფილებას იწვევს“, - აღნიშნულია ჯგუფის ანგარიშში.

ისრაელის ან შეერთებული შტატების მხრიდან მომდინარე თავდასხმების მუდმივი საფრთხის ფონზე, უზენაესი ლიდერი, რომელიც უბრალო და მოკრძალებული ცხოვრების წესით არის ცნობილი, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

მისი საჯარო გამოსვლები შედარებით იშვიათია, წინასწარ არასოდეს ცხადდება და პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა.

უმაღლესი თანამდებობის დაკავების შემდეგ, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. ამით ის აიათოლა ხომეინის მაგალითს მიჰყვება, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, ირანიდან აღარ გასულა.

ხამენეის ბოლო ვიზიტი საზღვარგარეთ 1989 წელს შედგა, როდესაც ის, პრეზიდენტის რანგში, ჩრდილოეთ კორეას ეწვია.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა ასაკმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ არაერთი ვარაუდი გააჩინა, გასულ კვირას გამოსვლისას, ხამენეის ხმა მშვიდი და მკაფიო იყო.

1981 წელს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ალი ხამენეის მარჯვენა მკლავი ნაწილობრივ პარალიზებული აქვს. ხელისუფლებამ ეს თავდასხმა „ირანელი მუჯაჰედების ორგანიზაციას“ (MEK) დააბრალა, რომელიც ერთ დროს რევოლუციის მოკავშირე იყო, ახლა კი ქვეყანაში აკრძალულია.

აქტივიზმი და ერთგულება

იმამის შვილმა, რომელიც ღარიბ ოჯახში დაიბადა, ახალგაზრდობაში აქტიური ბრძოლა დაიწყო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შაჰ რეზა ფეჰლევის წინააღმდეგ. ამის გამო, ალი ხამენეიმ, 1960-იან და 1970-იან წლებში, ციხეში დიდი დრო გაატარა.

აიათოლა ხომეინისადმი მისი ერთგულება 1980 წელს დაფასდა, როდესაც ხამენეის თეირანში პარასკევის ლოცვის დროს მნიშვნელოვანი როლი მიანდეს.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც მუჰამედ ალი რაჯაი მოკლეს, ის პრეზიდენტად აირჩიეს. თავიდან ხამენეის თავისი მენტორის სავარაუდო მემკვიდრედ არ მიიჩნევდნენ. თუმცა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ხომეინიმ თავისი ფავორიტი, აიათოლა ჰოსეინ მონთაზერი ჩამოაშორა, რომელმაც MEK-ის წევრებისა და სხვა დისიდენტების სიკვდილით მასობრივად დასჯა დაგმო.

წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი სასულიერო ორგანოს - ექსპერტთა ასამბლეის მიერ უზენაეს ლიდერად მის დანიშვნაზე ალი ხამენეიმ თავდაპირველად უარი თქვა, თუმცა მისი კანდიდატურა რელიგიურმა ლიდერებმა საბოლოოდ მაინც დაამტკიცეს.

ამ დროიდან მოყოლებული, მისი ძალაუფლება არასოდეს შერყეულა.

ალი ხამენეი ზედამხედველობდა ექვს არჩეულ პრეზიდენტს, მათ შორის ისეთ ზომიერ ფიგურებს (მაგალითად, მოჰამედ ხათამის), რომლებსაც ფრთხილი რეფორმებისა და დასავლეთთან დაახლოების მცდელობის უფლება ეძლეოდათ.

თუმცა, ის ყოველთვის რადიკალების მხარეს იჭერდა და სისტემის რადიკალურ იდეოლოგიას ინარჩუნებდა, რაც ამერიკულ „დიდ სატანასთან“ დაპირისპირებასა და ისრაელის არსებობის აღიარებაზე უარს გულისხმობს.

ამბობენ, რომ მას ექვსი შვილი ჰყავს, თუმცა საჯარო თანამდებობა მხოლოდ ერთს, მოჯთაბას უკავია. იგი კულისებს მიღმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა და 2019 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.

წყარო: 1 არხი