ექსპერტები აცხადებენ, რომ ილონ მასკი ,,უკიდურესად პროჩინური განწყობის მატარებელია". მათი თქმით, პეკინს შეუძლია ამით ისარგებლოს და ეს ფაქტი ტრამპის ადმინისტრაციაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს. მათივე განცხადებით, ბიზნესმენი აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საკითხებში შუამავალი გახდება.
მილიარდერი ილონ მასკი (Forbes-ი მის ქონებას 263 მილიარდ დოლარად აფასებს), დონალდ ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. მასკმა 100 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო ტრამპის მხარდასაჭერად. Bloomberg-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს არჩევნებში რესპუბლიკელის გამარჯვების შემთხვევაში მასკი შესაძლოა ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის „გავლენიანი მეგობარი“ გახდეს.
Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს ჩინეთში ფართო ბიზნეს ინტერესები აქვს. ტესლამ ჩინეთში საგადასახადო შეღავათები მიიღო, რომლებსაც იშვიათად აძლევენ უცხოელ ინვესტორებს. ახლა ელექტრომობილების ნახევარი კომპანიამ სწორედ ჩინეთში დაამზადა. ზაფხულში Tesla-ს მანქანები პირველად მოხვდა ჩინეთის სახელმწიფო შესყიდვების სიაში. თუმცა, პეკინი მაინც ფრთხილობს SpaceX-ს პენტაგონთან კავშირების გამო.
ილონ მასკის შეხედულებები ძალიან ახლოს არის ჩინეთის ინტერესებთან. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ტაივანი უნდა კონტროლდებოდეს პეკინის მიერ. მასკმა ასევე გამოთქვა უთანხმოება ამერიკაში ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულ გადასახადებზე. თუმცა, ტრამპი მხარს უჭერს ტარიფების გაზრდას ჩინეთში წარმოებულ ყველა საქონელზე.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მასკის „უკიდურესად ჩინური ინტერესები’’ პეკინის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენის მიზნით იქნება გამოყენებული. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში მასკი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში მთავარი შუამავალი გახდება. მათივე თქმით, ტრამპს ჩინეთის მიმართ „უფრო მეგობრული დამოკიდებულება“ ექნება.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა ჩინურ პროდუქტებზე ტარიფების გაზრდის დაპირება გასცა, თუმცა პეკინთან გარიგების დადების მზადყოფნა გამოავლინა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღფრთოვანება გამოხატა იმის გამო, რომ სი ძინპინი „რკინის მუშტით აკონტროლებს 1,4 მილიარდ ადამიანს“. "ის ბრწყინვალე ბიჭია, მოგწონთ თუ არა ეს", - თქვა ტრამპმა კომიკოს ჯო როგანის პოდკასტში.
ჩინეთთან დაკავშირებით მასკის შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება ტრამპის გარემოცვის სხვა წევრებისგან. მაგალითად, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო'ბრაიენმა, Foreign Affairs-ის სტატიაში, მოუწოდა შეერთებულ შტატებს გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირი ჩინეთთან, ხოლო ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ვაშინგტონმა უნდა აღიაროს ტაივანის დამოუკიდებლობა.