ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ კონგრესის წინაშე პირველ გამოსვლაში, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა თავისი სურვილი გრენლანდიაზე კონტროლის დამყარბის შესახებ და განაცხადა, რომ დანიის დაქვემდებარებაში მყოფი ეს ტერიტორია შეერთებულ შტატებს ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება. ტრამპის განცხადებაზე რეაგირება დანიის თავდაცვის მინისტრმა უკვე მოახდინა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ „არ მოხდება“. მისივე თქმით, კუნძული „არ იყიდება“ და გრენლანდიელებს არ სურთ, „ამერიკელები ან დანიელები იყვნენ“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ თქვენ გადაწყვეტთ - მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატების შემადგენლობაში. ჩვენ გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ყველა ჩართულ მხარესთან ვმუშაობთ, რათა კუნძული მივიღოთ და მე ვფიქრობ, მას აუცილებლად მივიღებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
„ჩვენ დაგიცავთ, გაგამდიდრებთ და გრენლანდიას, ერთად, იმ სიმაღლეებამდე მივიყვანთ, რაც თქვენ აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ“, - დასძინა მან.
ბოლო პერიოდში გრენლანდია ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის კუნძულის შეძენა სტრატეგიული აუცილებლობაა. ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ქმედებებს ან ეკონომიკურ სანქციებს კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თუ გრენლანდია არ გაიყიდება.
საფრთხის საპასუხოდ, გრენლანდიისა და დანიის მთავრობებმა ხაზი გაუსვეს, რომ გრენლანდიელები თავად გადაწყვეტენ საკუთარ მომავალს, თუმცა, მზად არიან გააღრმავონ თანამშრომლობა ვაშინგტონთან თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში, გრენლანდიის წიაღისეული სიმდიდრის გათვალისწინებით. ასევე აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან გრენლანდიამ ახალი ავტონომიური სტატუსი მოიპოვა, რომელიც აღიარებს მის თვითგამორკვევის უფლებას.
„ეს არ მოხდება“
ოთხშაბათის დილით კონგრესში გამოსვლისას, ტრამპმა კვლავ დაადასტურა თავისი ექსპანსიონისტური მიზნები და ხაზგასმით თქვა, რომ სურს გრენლანდიის მიღება „ერთი ან მეორე გზით“, თუმცა დანიისგან მკაფიო უარი მიიღო.
„ეს არ მოხდება“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გრენლანდიის ავტონომიურ რეგიონში 11 მარტს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებია დანიშნული.
„მალე გრენლანდიაში არჩევნები ჩატარდება და ვფიქრობ, ყველა - ჩვენი ჩათვლით - ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ გრენლანდიელების მომავალთან დაკავშირებულ ყველანაირ ვარიანტს“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა TV2-თან საუბრისას.
ტრამპის მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს გრენლანდიის რეგიონული მთავრობის მეთაურიც გამოეხმაურა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა ტერიტორიის ავტონომიისადმი მხარდაჭერა.
„ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ამერიკელები ან დანიელები, ჩვენ გრენლანდიელები ვართ“, - დაწერა ოთხშაბათს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა ფეისბუკზე.
„ამერიკელებმა და მათმა ლიდერმა ეს უნდა გაიგონ. ჩვენ არ ვიყიდებით და ჩვენი ანექსია, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, - დასძინა მან.
წყარო: 1 არხი