გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, 2022 წელს გლობალური სახელმწიფო ვალი $92 ტრლნ-მდე გაიზარდა.

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მოხსენების მიხედვით, ამ ტენდენციის მკვეთრი დაჩქარება ბოლო წლების კრიზისებმა გამოიწვია. გლობალური სახელმწიფო ვალი 2000 წლის შემდეგ ხუთჯერ გაიზარდა და მსოფლიო მთლიან შიდა პროდუქტს გადააჭარბა, რომელიც ამ პერიოდში სამჯერ გაიზარდა.

იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც მაღალი საგარეო ვალი აქვთ, გასულ წელს 59-მდე გაიზარდა, რაც 2011 წელს 22-ს შეადგენდა.

„ქვეყნები არჩევანის წინაშე დგანან, მოემსახურონ თავიანთ ვალებს ან ემსახურონ ხალხს“, - ნათქვამია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მოხსენებაში.

ანგარიშში ხაზგასმულია უთანასწორობა საერთაშორისო ფინანსურ არქიტექტურაში და ნათქვამია, რომ განვითარებადი ქვეყნები, უცხოურ ვალუტაში სესხების გამო, საგარეო შოკებს უფრო მეტად განიცდიან.

გლობალური სახელმწიფო ვალის თითქმის 30% განვითარებადი ქვეყნების ვალია, ხოლო 70% ეკუთვნის ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას.

„დაახლოებით 3,3 მილიარდი ადამიანი - კაცობრიობის თითქმის ნახევარი - ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც უფრო მეტს ხარჯავენ ვალის პროცენტის გადახდაზე, ვიდრე განათლებასა და ჯანმრთელობაზე“ , - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

მისი თქმით, აფრიკის ქვეყნები სესხის მომსახურებაში ოთხჯერ მეტს იხდიან, ვიდრე აშშ და რვაჯერ მეტს, ვიდრე ევროპის უმდიდრესი ეკონომიკა.