ფრანგულმა კომპანია Aura Aero-მ Aero Friedrichshafen-ის გამოფენაზე ჰიბრიდულ-ელექტრონული რეგიონული თვითმფრინავის, ERA-ს სალონის კონფიგურაციის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. ხომალდი, რომელიც მაქსიმუმ 19 მგზავრზეა გათვლილი, მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და მისი სალონი 8-დან 19 ადამიანამდე ტევადობის სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობს. ყველა ვერსია გამოირჩევა მაღალი ჭერითა და ცილინდრული პროფილით, ხოლო ზედა საბარგულების არარსებობა სივრცეს უფრო ტევადს ხდის. ბარგი ხომალდის წინა ნაწილში, სპეციალურად გამოყოფილ სათავსოებში განთავსდება.
კომპანიის ტექნოლოგიურმა დირექტორმა, მატია პადულომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მოდელად 19-ადგილიანი ვერსია რჩება, Aura Aero მომხმარებელს ბიზნეს-ჩარტერებისთვის განკუთვნილ 8 და 9-ადგილიან ლაუნჯ-კონფიგურაციებსაც სთავაზობს. ბიზნეს ვერსიაში სავარძლების სიგანე 23 ინჩს აღწევს და სალონის მოცულობით ის საშუალო ზომის ბიზნეს-ჯეტებს უთანაბრდება. გარდა სამგზავრო ვარიანტებისა, შეიქმნა სატვირთო მოდიფიკაციაც, რომელსაც გაფართოებული კარის მეშვეობით ექვსი ამერიკული ან შვიდი ევროპული სტანდარტული პლეტის მიღება შეუძლია.
პროექტის მიმართ ინტერესი დიდია — ამ დროისთვის კომპანიას უკვე მიღებული აქვს 20 მყარი შეკვეთა და 200-მდე განზრახვის წერილი. ERA-ს პირველი პროტოტიპის საცდელი ფრენა გასული წლის ბოლოს იგეგმებოდა, ხოლო სერიული წარმოება და სერტიფიცირება ათწლეულის ბოლომდეა დაანონსებული. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის პირველი მყარი შეკვეთა სწორედ ბიზნეს-კლასის, დაბალი სიმჭიდროვის სალონის მქონე მოდელზე გაფორმდა.