„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება. კერძოდ - მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10.7% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.

მარტის თვისა და პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდა სექტორულად საკმაოდ დივერსიფიცირებულია - მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებულ დადებით ტენდენციებზე, რაც მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია.

„იანვარ-მარტში ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს მოიცავს, 75%-ზე მეტად გაიზარდა. პირველ კვარტალის ჭრილში ასევე რეკორდული მაჩვენებელები ფიქსირდება ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით, რომლის მოცულობამ 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ზემოაღნიშნული მონაცემები ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესაქტივობის გაძლიერებას, რაც თავისთავად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას შემდგომი თვეების განმავლობაშიც შეინარჩუნებს.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და საქართველოს ექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ვიდრე ამას პროგნოზირებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვა ორგანიზაციები“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს