2007 წლიდან შეღავათიანი და გრძელვადიანი კრედიტების უმეტესობა, რომლითაც ქვეყანაში ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ სხვა ტიპის პროექტები ხორციელდებოდა, იმ თანხების გარდა, რომელიც „გრანტის“ სახით შემოდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტსა და ფონდებში, და, შესაბამისად, საგარეო ვალში არ აისახება, ძირითადად დემოკრატიული ქვეყნებიდან და დემოკრატიული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული ფინანსებია; ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ეროვნულ ბანკის მიერ მიღებული დახმარებებისა და ვალების მთავარი წყარო. ინფორმაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშშია ასახული.

„დამოკიდებულების ინდექსის საგარეო ვალის ინდიკატორი აჩვენებს, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, საქართველოს დამოკიდებულება სრული დემოკრატიის ქვეყნებზე მინიმუმ 89%-ია და იცვლებოდა მხოლოდ ზრდის მიმართულებით. ამასთან, ავტორიტარულ რეჟიმზე სავალო დამოკიდებულება, დინამიკაში მაქსიმუმ 4,6%-მდე იყო ასული (დღეისთვის ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ირანი) და ამჟამად ეს მაჩვენებელი 2,26%-მდე არის შემცირებული“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორი აზიის განვითარების ბანკი (2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი) და მსოფლიო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (1,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი) არიან. ქვეყნებიდან პირველ ადგილზე საფრანგეთია (735,7 მილიონი აშშ დოლარი) და გერმანია (626 მილიონი აშშ დოლარი). ამას გარდა, ფასიან ქაღალდების, ანუ Eurobond 2021-ის სახით საქართველოს 500,000 აშშ დოლარი აქვს ნასესხები; საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი კი (IMF) 428 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

სახელმწიფო საგარეო ვალი მოიცავს სამთავრობო სექტორის, სახელმწიფო საწარმოების და ეროვნული ბანკის საგარეო ვალს, ხოლო მთლიანი საგარეო ვალი დამატებით აერთიანებს კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორების) მიერ აღებულ საგარეო ვალს. საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსში, კვლევის მიზნებისთვის, გამოყენებულია სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა.

2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა ჯამში შეადგინა 9,7 მილიარდი აშშ დოლარი; (27.6 მილიარდ 549 მილიონი ლარი), რაც მშპ-ს 42.8 პროცენტია. აქედან დაახლოებით 7,3 მილიარდი აშშ დოლარი არის საქართველოს მთავრობის ვალი (მშპ-ს 31.9 პროცენტი), 868.1 მილიონი აშშ დოლარი – საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი (მშპ-ს 3.8 პროცენტი, საიდანაც 443.6 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა და არ აქვს დაფარვის ვადა), დანარჩენი სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხებია, ეს მაჩვენებელი წლიური მთიანი შიდა პროდუქტის მიმართ 2020-21 წლებში 60%-ს გადასცდა, თუმცა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგარეო ვალის შეფარდება მშპ-სთან თითქმის პანდემიამდელ ნიშნულამდე ჩამოვიდა და 42.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის პოსტპანდემიურ პერიოდში მშპ-ს ზრდით (2022 წლის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ს რეალური ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა) და საკურსო და ფასის ცვლილებით.

2023 წლის ბიუჯეტის თანახმად, მთავრობა 2023 წელს კიდევ 3.6 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ, ასევე განსაზღვრულია 1.2 მლრდ ლარის ადრე აღებული ვალის დაფარვა.