ალისონი პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში „ლივერპულის“ პირველი ნომერი იქნება, თუმცა, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილმა არნე სლოტს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს – ამის შესახებ გამოცემა OneFootball-ი წერს.

„გიორგი მამარდაშვილი ამტკიცებს, რომ არ დააკმაყოფილებს „ლივერპულში“ ალისონ ბეკერის შემცვლელის როლი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს ბილბაოს „ატლეტიკმა“ ორი გოლი გაუტანა, მან არნე სლოტის გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

შეცვლაზე შესულმა მალკოლმ არესმა თამაშის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე ძლიერად დაარტყა, თუმცა მამარდაშვილმა ბრწყინვალე ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. მან მალე კიდევ ერთი სეივით გამოიჩინა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ურკო იზეტა თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა.

იქნება თუ არა მამარდაშვილი „კრისტალ პალასთან“ 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში „ლივერპულის“ პირველი ნომერი? გასული წლის აგვისტოდან ვიცოდით, რომ მამარდაშვილი წელს „ენფილდზე“ ჩამოვიდოდა – ქართველი უკვე აჩვენებს, თუ რატომ დაიმატა „ლივერპულმა“ „ვალენსიიდან“.

შესაძლოა, მას 90 წუთის განმავლობაში ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ მაშინ გამოიჩინა თავი, როცა „ლივერპულს“ სჭირდებოდა – ეს შესანიშნავი მეკარის დამახასიათებელი ნიშანია. ალისონი პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის პირველი არჩევანი იქნება, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა არნე სლოტი ინგლისის სუპერთასის მატჩის წინ უკვე დააფიქრა“.

პირველი არხი