ნურნბერგში არსებობს გერმანიაში წითელი ფარნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი უბანი - ფრაუენტორმაუერი. თუმცა, მეძავები თავის საქმიანობას მხოლოდ აქ კი არა, არამედ მთელ ქალაქში ეწევიან. მათ დახმარებას ორი ასოციაცია ცდილობს, რომელთა მიდგომები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.

პროსტიტუციის პრობლემა ნიურნბერგში განსაკუთრებით მწვავედ დგას. ეს იმის ბრალია, რომ ფრაუენტორის კედლის გვერდით მდებარე ჩიხი გერმანიის ერთ-ერთ ცნობილ წითელფარნიან უბნად მიიჩნევა. აქ, ქალაქის ცენტრში, ბორდელის გვერდით ისევ ბორდელია. ვიტრინებთან მდგარი ქალები მამაკაცებს შიგნით ეპატიჟებიან. ამ ვიწრო ქუჩაზე პოლიციის მანქანები ყოველ წუთს მოძრაობენ.

ექსპლუატაციასა და ნებაყოფლობითობას შორის

პროსტიტუცია სუტინიორობას, ადამიანებით ვაჭრობასა და ნებაყოფლობითობას შორის ლავირებს. პოლიციის ცნობით, შუა ფრანკონიაში პროსტიტუციას ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ქალი ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ფრაუენტორმაუერზე ბევრი ბორდელია, ისინი ახლა მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ, რადგან ასეთი დაწესებულებები ძალიან მომრავლდა. პოლიციის მონაცემებით, მთელ შუა ფრანკონიაში უკვე 30-მდე ბორდელი და კლუბია. ასეთ პირობებში, გაცილებით დიდ როლს თამაშობენ კერძო ბინები და სასტუმროს ნომრები.

ორი ასოციაცია - ორი განსხვავებული მიდგომა და მიზანი

პროსტიტუციის აკრძალვა თუ დარეგულირება? ამ კითხვაზე წლების განმავლობაში ცდილობენ პასუხის გაცემას - მათ შორის, ნიურნბერგშიც. ამ ქალაქში არის ორი ასოციაცია, რომლებიც მეძავების მხარდასაჭერად იბრძვიან - თუმცა, განსხვავებული მიდგომებითა და მიზნებით. ამ საკითხში ერთმანეთს უპირისპირდებიან „კასანდრა ე.ვ“ და „დები ე.ვ“. 1987 წლიდან „კასანდრა“ მეძავების უფლებებისთვის, სხვა დასაქმებულების უფლებებთან მათი გათანაბრებისთვის და საზოგადოების მიერ მეძავების აღიარებისთვის იბრძვის. 2024 წლის დეკემბერში დაარსებული „დების“ ნიურნბერგის ფილიალიც მხარს უჭერს მეძავებს, ოღონდ მისი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ქალებს პროსტიტუციისთვის თავის დანებების გზები და ახალი პერსპექტივები შესთავაზოს.

უნდა შეიცვალოს თუ არა პროსტიტუციის სისტემა გერმანიაში?

ერთ ქალაქში არსებულ ორ ასოციაციას პროსტიტუციაზე ორი განსხვავებული შეხედულება აქვს. „არსებობს ბევრი საინფორმაციო ან საკონსულტაციო ცენტრი, რომლებიც ქალების გადარჩენას ცდილობენ. მაგრამ ქალებს, უბრალოდ, ფულის შოვნა სურთ და არა გადარჩენა“, - ამბობს ნიურნბერგელი სექს-მუშაკი და „კასანდრას“ საბჭოს წევრი, კონსტანტინ დელბრუგე. ყოფილი მეძავი და ამჟამად „დების“ საპატიო წევრი, ვივიან ოლროგენი კი სხვაგვარად ფიქრობს: „ნორმალური არ არის, რომ მამაკაცებს ფულით სხეულზე წვდომის შეძენა შეუძლიათ. ქალები, რომლებიც პროსტიტუციას ნებაყოფლობით ეწევიან, აშკარა უმცირესობაში არიან“.

„დები“ ნორდიულ მოდელს ემხრობა

ასოციაცია „დები“ ნორდიულ მოდელს ემხრობა, რაც ნიშნავს, რომ ქალებს უნდა შეეძლოთ, პროსტიტუციას ეწეოდნენ, მაგრამ კლიენტებისგან განსხვავებით, ისინი არ უნდა დაისაჯონ. „თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქალების მაქსიმუმ ათი პროცენტი პროსტიტუციას ნებაყოფლობით ეწევა", - ამბობს „დების“ ადგილობრივი ჯგუფის წარმომადგენელი, ფსევდონიმით ნია.

ნორდიული მოდელის გრაფიკა

„ნორდიული მოდელის ასოციაცია“ აცხადებს, რომ გარდა პროსტიტუციის მაჩვენებლისა, შვედეთში ასევე შემცირდა პროსტიტუციასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დანაშაული (მაგალითად, სუტენიორობა და ადამიანებით ვაჭრობა). თუმცა, გერმანიაში განსხვავებული რეალობაა. „როდესაც საქმე ადამიანებით ვაჭრობას და იძულებით პროსტიტუციას ეხება, ჩვენ მხოლოდ აისბერგის წვერს ვხედავთ. ეს არის დანაშაული, რომლის დამტკიცებაც რთულია“, - ამბობს შუა ფრანკონიის პოლიციის მთავარი დეტექტივი, ჰარტმუტ ლუთერი.

„კასანდრას“ სურს, მეძავებისთვის პირობები გააუმჯობესოს

პოლიცია ვარაუდობს, რომ იძულებითი პროსტიტუციისა და ადამიანებით ვაჭრობის ფარული შემთხვევების რაოდენობა მაღალია. ამ კუთხით პოლიციის ინფორმირებულობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ გერმანულ პასპორტს მეძავების მხოლოდ სამი პროცენტი ფლობს, დაახლოებით ნახევარი კი რუმინეთიდანაა. ამ უარყოფითი მხარეების შესახებ „კასანდრამაც“ იცის, მაგრამ მაინც არსებული სისტემის შენარჩუნება სურს: „ჩვენ, უბრალოდ, სექს-მუშაკების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება გვინდა. ისინი სამუშაოს ასრულებენ და ამდენად, პატივისცემას იმსახურებენ“, - აცხადებს „კასანდრას“ სოციალური მუშაკი, სარა ზოიბერტი.

პროსტიტუცია, ხშირად, ერთადერთი ალტერნატივაა

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიიდან ჩამოსული 28 წლის ქალი თავის ისტორიაზე ღიად საუბრობს. ვივიენი არავინ აიძულა, რომ მეძავი გამხდარიყო. მას, უბრალოდ, დამატებითი ფულის შოვნა სურდა, ბევრი ქალისთვის კი ამისთვის, მეძავობის დაწყების გარდა, სხვა აშკარა ალტერნატივა არ არსებობს: „ძნელია ვინმეს ვურჩიო, რომ ამისგან თავი შეიკავოს, რადგან ასეთ მომენტში რჩევა საკუთარ თავს უნდა ჰკითხო და რასაც გონება გიკარნახებს, ისე მოიქცე“.

ორი აზრი ერთ ქალაქში (ნიურნბერდში) - სანამ „კასანდრა“ სექს-მუშაკების უფლებების აღიარებისთვის იბრძვის, „დებს“ სურს, მეძავებს პროსტიტუციისთვის თავის დანებებაში დაეხმაროს.

წყარო: 1tv.ge