გერმანიის მოქალაქეობა მინიჭებულ პირთა საერთო რაოდენობამ, 2000 წელს დაწყებული მონიტორინგის შემდეგ, გასულ წელს უმაღლეს დონეს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო, DPA ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

2023 წელს ნატურალიზაციის რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და მოქალაქეობა, დაახლოებით, 200,100 ადამიანს მიენიჭა. მათ შორის, 157 სხვადასხვა ეროვნების პირია, ხოლო ყველაზე მეტად ისინი სირიიდან, თურქეთიდან, ერაყიდან, რუმინეთიდან და ავღანეთიდან არიან. ამ ქვეყნების საერთო წილი ნატურალიზაციის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ნატურალიზებული მოქალაქეების საშუალო ასაკი 29,3-ია, ხოლო ნატურალიზებული ქალების წილი 45%-ია.

მოქალაქეობამინიჭებულ პირთა უდიდეს ჯგუფს სირიის ყოფილი მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც საერთო ნატურალიზაციის მესამედზე მეტს შეადგენენ. მათი რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, კიდევ 56%-ით გაიზარდა.

სტატისტიკური სამსახურის შეფასებით, „სირიელების ნატურალიზაციათა მაღალი რაოდენობა უკავშირდება 2014-2016 წლებში თავშესაფრის სირიელი მაძიებლების მაღალ იმიგრაციას, რომლებიც დღეს უფრო მეტად აკმაყოფილებენ ნატურალიზაციის მოთხოვნებს.”

რაც შეეხება უკრაინელებს, 2023 წელს მათი ნატურალიზაციათა რიცხვი 6%-ით, 5,900-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ანუ ომის დაწყების 2022 წელს მოქალაქეობამინიჭებულ უკრაინელთა რაოდენობა, წინა 2021 წლის 1,900-კაციან მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის, გასამმაგდა და 5,600 პირი შეადგინა. 2023 წლის საერთო ნატურალიზაციაში უკრაინელების წილი 3%-ია.

bpn.ge