უკრაინამ, რომელიც რუსეთისა და ევროკავშირის ენერგოთანამშრომლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რუსეთიდან გაზის მიწოდების ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა - ანუ უკრაინის კომპანია "ნეფტოგაზთან" "გაზპრომის"­ ხუთწლიანი ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა და 1-ლ იანვარს "გაზპრომმა",­ რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ენერგოკომპანიაა, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეაჩერა.

მიუხედავად რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომისა, კიევი მოსკოვს აქამდე ნებას რთავდა, გაეგრძელებინა მისი ტერიტორიის­ გავლით ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი. ეს უკრაინას ყოველწლიურად მილიარდ დოლარამდე სატრანზიტო მოგებას აძლევდა. თუმცა წლის მიწურულს ცნობილი გახდა,­ რომ კიევი მოსკოვთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებდა, რასაც უნგრეთის და განსაკუთრებით სლოვაკეთის პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, კიევმა ხელშეკრულება არ გააგრძელა. "ეს ისტორიული მოვლენაა, რუსეთი კარგავს ბაზრებს, ის ფინანსურ ზარალს განიცდის", - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ. რაც მთავარია, როგორც უკრაინა აცხადებს, ეს ნაბიჯი გადაიდგა "ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე"...

შეგახსენებთ, გაზსადენი რუსეთიდან უკრაინის გავლით შედის სლოვაკეთის ტერიტორიაზე. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებით ევროკავშირს წელიწადში 60-70 მილიარდი ევროს ზარალი მიადგება. ფიცომ მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ღია წერილით, რომელშიც უკრაინა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა გაზის ტრანზიტზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო. მისი თქმით, ევროკავშირის ზარალი შეუდარებელია რუსეთის ზარალთან, რომელიც, მხოლოდ 2 მილიარდი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები სლოვაკეთი და ავსტრია არიან. როგორც მედიაში წერენ, ევროპის მიწისქვეშა საცავებში არსებული გაზის დიდი მარაგის გამო სლოვაკეთი ორი-სამი თვის განმავლობაში გაძლებს რუსული მარაგების გარეშე. ანალოგიური სიტუაციაა ავსტრიაშიც. გარდა ამისა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, შესაძლებელია ქვეყანაში გაზის შეზღუდული ნაკადების შეტანა იტალიიდან და გერმანიიდან. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერება ყველაზე დიდ დარტყმას მოლდოვას მიაყენებს.

როგორც გავრცელდა, არაღიარებულ დნესტრისპირეთში 1-ლ იანვარს შეწყდა ცენტრალური გათბობა და ცხელი წყლით მომარაგება. შეფერხებები შეეხება საცხოვრებელ კორპუსებს, საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ყველა ორგანიზაციას, გარდა სამედიცინოსი. ვარაუდობენ, რომ ცხელი წყლისა და გათბობის აღდგენას ორი კვირა დასჭირდება.

როგორც დასავლურ მედიაში წერენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტას სერიოზული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. "როიტერსის" ინფორმაციით, 2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ამცირებენ დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, გადადიან მიწოდებაზე ამერიკიდან, ნორვეგიიდან და კატარიდან. ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთმა დაკარგა დომინანტური პოზიცია ევროპის გაზის ბაზარზე. 2024 წელს რუსეთმა ევროპას დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა (ექსპორტის მოცულობის ნახევარი), რამაც მას 6 მილიარდი დოლარი მოგება მოუტანა. ანალიტიკოსების აზრით, ამ მოცულობის სწრაფად კომპენსირება შეუძლებელი იქნება ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ასევე ჩინეთისკენ გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების გარეშე.

რას ნიშნავს კიევის ეს გადაწყვეტილება და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, იენის­ ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე გვესაუბრება.

- ევროპა რუსეთიდან გაზით ორი გზით მარაგდება - ჩვეულებრივი გაზით, რომელიც გაზსადენებით მიეწოდება,­ და მეორე - თხევადი გაზით. რუსეთის­ უკრაინაში­ შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ევროპის გაზით მომარაგება შემცირდა. 2023 წელს ევროპის გაზმომარაგებაში რუსეთის წილი, მგონი, მთლიანად 8% იყო, მაგრამ იმავდროულად გაიზარდა თხევადი­ გაზის­ წილი, ჯამში, თუ არ ვცდები, 2023 წელს 15% იყო და 2024 წელს - 17%.

უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ ბუნებრივი­ აირის წილი უფრო შემცირდება, მაგრამ რუსეთი ევროპას თხევად გაზს ჯერ კიდევ მიაწვდის - ანუ რუსეთის გაზით მომარაგებისგან გათავისუფლება მაინც ვერ ხერხდება. არის კიდევ "თურქსტრიმი", საიდანაც რუსული გაზი ევროპაში მიედინება­ და კონკრეტულად ამ ქვეყნების ნაწილი მაინც იღებს რუსულ გაზს. გაზს იღებენ თხევადი გაზის სახით, თვითონ ევროპას აქვს მილსადენების შიდა ქსელები და თხევადი გაზის ტერმინალებიდან მოხდება გადაფარვა, რასაც ეს ქვეყნები უკრაინის გავლით იღებდნენ. პრინციპში, ევროკავშირი ამ სცენარისთვის მომზადებული იყო და ეს დიდი მოულოდნელობა­ არ ყოფილა. ცხადია, პოლიტიკური შეთანხმებაც იყო უკრაინის ხელმძღვანელობასთან, ამის გარეშე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღე­ბდნენ. საერთო ჯამში, დანაკლისი გადათამაშდება­ ევროკავშირის შიდა ქსელებიდან­ და ასევე­ თხევადი გაზის საშუალებით. მიუხედავად ამისა,­ ევროკავშირის რუსული გაზისგან მთლიანად გათავისუფლება ჯერ მაინც ვერ ხერხდება.

ევროკავშირს აქვს შემუშავებული გეგმა, რომ 2027 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ რუსული გაზისგან. ცენტრალური­ ევროპის ქვეყნებიც ყიდულობენ რუსეთისგან თხევად გაზს და ეს პრობლემაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი კვლავინდებურად დამოკიდებულია რუსულ გაზზე,­ ამარაგებს­ მილიარდებით რუსულ სამხედრო ბიუჯეტს. ესე იგი, არ მოქმედებს სანქციები, რადგან ხდება მათი გამოხშირვა და არა მარტო ენერგოსექტორში, რადგან ცნობილია, რომ ორბანი ბლოკავს ამ სანქციების ეფექტურ პაკეტებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის იმიტომ, რომ დაინტერესებულია რუსეთთან ენერგოთანამშრომლობით. ევროკავშირში 2 პრობლემური ქვეყანაა - უნგრეთი და სლოვაკეთი.­ სლოვაკეთს უფრო კონფრონტაციული კურსი ჰქონდა, ფიცო პუტინთან ჩავიდა, უკრაინას დაემუქრა გაზის შეწყვეტის­ გამო. ცხადია, ევროკავშირს საბოლოოდ ამ ქვეყნების შიდა ქსელების მეშვეობით გაზით მომარაგების პრობლემა­ არ ექნება, მაგრამ ამ ქვეყნების მთავრობები მეტ-ნაკლებად პრორუსულები არიან და ამის გამო ქმნიან პრობლემას და ბევრ დაბრკოლებას ევროკავშირში.

- უკრაინის ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობა რა არის?

- ევროკავშირს, რა თქმა უნდა, სურს რუსეთის გაზისგან გათავისუფლება, რაც იწვევს ფასების ზრდას, მინიმუმ, მოკლევადიან პერსპექტივაში, და ქვეყნებს ფორსმაჟორულ რეჟიმში ახალი წყაროების ძიება უწევთ. გერმანიამ ეს მოახერხა, სხვა ქვეყნები კი, ასე ვთქვათ, უფრო ზარმაცობენ. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ უფრო გაზრდის ამერიკაში თხევადი გაზის წარმოებას და მის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში, რამაც შეიძლება უფრო მეტად ჩაანაცვლოს რუსული თხევადი გაზის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება რუსულ გაზზე დამოკიდებულების კიდევ უფრო შესამცირებლად. გარდა ამისა, ევროკავშირის ენერგოპოლიტიკა მიმართულია ენერგორესურსების უფრო ეფექტური გამოყენებისკენ და ამით ევროკავშირმა შეამცირა გაზის მოხმარება. ამასთან,­ ხდება­ რუსული გაზის ჩანაცვლება სხვა წყაროებით, მათ შორის, ალჟირიდან, კატარიდან და ასევე, ნორვეგიის გაზითა და განახლებადი ენერგიის წყაროებით. საბოლოოდ კი, ალბათ, 2-3 წელში შესაძლებელია კიდევ უფრო შემცირდეს და მინიმუმამდე დავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის წილი გაზის საერთო მოხმარებაში. ასე რომ, რუსული გაზის მოხმარება პოლიტიკური პრობლემაც არის და ფინანსურიც. როგორც ერთ-ერთი უნივერსიტეტის კვლევაში იყო დაანგარიშებული, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან დაახლოებით 200 მილიარდის გაზი შეიძინა, რაც ძალიან დიდი თანხაა. ეს თავისთავად პროცენტებში დიდი რიცხვი არ არის, 2024 წელს რუსული გაზის წილი ევროკავშირში გაზის მთლიან იმპორტში დაახლოებით 17% იყო, მაგრამ ამის შემცირებასაც, რა თქმა უნდა, ცდილობენ. ეს რუსეთისთვის ყოველთვის პოლიტიკური მანიპულაციების კარგი საშუალებაა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, როგორც მოგახსენეთ, ძირითადად, ორი პრობლემური­ ქვეყანა, უნგრეთი და სლოვაკეთი, ბევრ პრობლემას ქმნიან ბრიუსელში. მაგალითად, ამუხრუჭებენ უფრო ეფექტური სანქციების პაკეტების მიღებას. ეს რუსეთის ნავთობს არ ეხება. გარდა ამისა,

არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც შეიძლება არ არიან პრორუსული ქვეყნები, ტროას ცხენები, მაგრამ მაინც ყიდულობენ და მოიხმარენ რუსულ გზას, ძირითადად, რუსულ თხევად გაზს. ასეთია საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, ბელგია... ეს ქვეყნებიც დათანხმდნენ, რომ მათ შორის რუსულ თხევად გაზზე ნაბიჯ-ნაბიჯ უარი თქვან. ასე რომ, ალბათ, გაგრძელდება ტენდენცია, რომ ევროპა­ სულ უფრო ნაკლებად იქნება რუსულ გაზზე დამოკიდებული და, მინიმუმ, ამის ტექნიკური საშუალებები აქვთ.

- უკრაინისთვის ეს გადაწყვეტილება რისი მომტანია?

- ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, უკრაინაც იზარალებს, წელიწადში დაახლოებით მილიარდ ევროს დაკარგავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, უპირველესად უკრაინის ხელისუფლების, რომ შეეჩერებინა რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირება და ამით დარტყმა მიეყენებინა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ბიუჯეტისა და ეკონომიკისთვის. ევროკავშირი პერსპექტივაში რუსული გაზისგან დამოუკიდებელი გახდება, რა თქმა უნდა, მას ეს რუსეთისგან პოლიტიკურად დამოუკიდებელსაც გახდის და ევროკავშირისთვის შესაძლებელი იქნება რუსეთის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოლიტიკა გაატაროს, მათ შორის, უფრო ეფექტური სანქციების პაკეტები შეიმუშაოს.

ამის შემდეგ რუსეთს ევროპასთან ენერგოსფეროში თანამშრომლობის ერთი წყარო აქვს დარჩენილი და ეს არის თურქეთის გავლით. ძირითადი გაზსადენები ათწლეულების განმავლობაში გადიოდა უკრაინის ტერიტორიის გავლით და ეს იყო რუსეთსა­ და ევროკავშირს შორის ენერგოთანამშრომლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამის გამო, უკრაინა ათწლეულების განმავლობაში რუსეთისთვის ბიუჯეტის შევსების წყაროს წარმოადგენდა, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ძირითადად სწორედ ენერგოწყაროებით ივსება.­ რუსეთს ახლა დარჩა მხოლოდ თურქეთი, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ კიდევ უფრო მეტად დაიტვირთოს, მაგრამ უკრაინის გაზსადენების მოცულობას მაინც ვერ მიაღწევს და რუსეთი სერიოზულად იზარალებს უკრაინის ფანჯრის დახურვით, უფრო ნაკლები ფინანსური სარგებელი ექნება. საერთო ჯამში, ევროკავშირისთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა და ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში და სავარაუდოდ, პოლიტიკურადაც შეთანხმებული იყო. ამიტომაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამით დიდი პრობლემა არ შეექმნებათ და მოხდება ენერგომიწოდების წყაროების გადათამაშება და რუსული წყაროები ჩანაცვლდება სხვა წყაროებით.

წყარო: კვირის პალიტრა