კერძო სექტორს გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა აქვს.
როგორც საკითხის შეფასებისას ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის "კავკასუს როუდ პროჯექტის" მმართველმა პარტნიორმა BMG-ის განუცხადა, ჩნდება კითხვა, რის საფუძველზე დაასკვნა ხელისუფლებამ, რომ აღნიშნულ ფუნქციას სახელმწიფო ბიზნესზე უკეთ შეასრულებს.
პაატა ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა ეკონომიკის საბაზრო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
“ეს იქნება პირდაპირი კოლაფსი, კატასტროფა, კონკურენცია შეუძლებელია [სახელმწიფო კომპანიასთან]. ჩვენ [ბიზნესი] რატომ ვერ ვუწევთ კონკურენციას ჩინურ სახელმწიფო კომპანიას? ის წააგებს თუ მოიგებს სულ ერთია, მაინც სახელმწიფო იზარალებს ან მოიგებს. თუ სახელმწიფო კომპანიის მიერ [გზების] მოვლა-შენახვაზეა საუბარი, მაშინ მშენებლობაზე და პროექტირებაზეც გადავიდეს სახელმწიფო. საერთოდ რატომ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, თუ კარგი იყო?
მეორე - იქნებ ვინმემ დადოს ანალიზი, რატომ იქნება ეს [სახელმწიფო] კომპანია კერძოზე უკეთესი. დღეს გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო უკეთ გააკეთებს, რის საფუძველზე, რომელ თეორიაზე დაყრდნობით ამბობენ ამას?
მესამე - ყოფილი ხელისუფლების დროს შექმნეს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც [არსებულმა მთავრობამ] 2014 თუ 2015 წელს დახურა. ისმის კითხვა - რატომ? ხომ უნდა გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ, მივდივართ საბაზრო ეკონომიკისკენ თუ დირექტიული ეკონომიკისკენ?”, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.
ვრცლად: bm.ge