ევროპარლამენტმა ავიამგზავრთა უფლებების გასაძლიერებლად განახლებული წესები დაამტკიცა, რომლებიც მგზავრებისთვის როგორც ბარგის გადატანის, ისე დაგვიანებული რეისების შემთხვევაში კომპენსაციის მიღების კუთხით დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, მგზავრებს უფლება ექნებათ, ავიაკომპანიის მიერ დაშვებულ მცირე ზომის ხელბარგთან ერთად, დამატებით კიდევ ერთი პირადი ნივთიც უფასოდ წაიღონ. საუბარია მაქსიმუმ 40x30x15 სმ ზომის ჩანთაზე ან სხვა პირად ნივთზე, რომელიც სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს.
ცვლილებები ასევე ეხება რეისების დაგვიანების შემთხვევებს. თუ ფრენა საბოლოო დანიშნულების ადგილზე სამი საათით ან მეტით დაგვიანდება, მგზავრებს ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ.
ევროპარლამენტის შეფასებით, ცვლილებების მიზანია ევროკავშირში ავიამგზავრთა უფლებების გაძლიერება, მომსახურების ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება და ავიაკომპანიების მიერ დამატებითი გადასახადების პრაქტიკის შემცირება. ახალი წესების ამოქმედებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების დასრულებაა საჭირო.