თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთზე მიწების შესყიდვისა და განსახლების პროცესი იწყება. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს პროექტისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვის უფლება მიენიჭა.
მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, დეპარტამენტი მიწების შესყიდვისა და განსახლების ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) გარემოსდაცვითი და სოციალური ჩარჩო დოკუმენტის (ESF 2024) მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებს. აღნიშნული პროცესი შეეხება E-60 ავტომაგისტრალის თბილისის შემოვლითი გზის ნატახტარი-ჟინვალის (ლოტი 1) მონაკვეთს.
პროექტის მიხედვით, ახალი გზის სიგრძე დაახლოებით 27 კილომეტრი იქნება და ის ოთხზოლიან ავტომაგისტრალს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურა მოიცავს ხუთ სატრანსპორტო კვანძსა და 16 ხიდს. მათ შორის ყველაზე მასშტაბურია მდინარე არაგვზე დაგეგმილი ორი პარალელური, 991-მეტრიანი ხიდი. ასევე აშენდება 415-მეტრიანი პანდუსი და რამდენიმე ხიდი მდინარე თეზამზე, წირდალისხევსა და აბანოსხევზე. პროექტი ახალი გვირაბების მოწყობას არ ითვალისწინებს.
ახალი გზა გაივლის წიწამურის, საგურამოს, ჭოპორტის, წითელსოფლის, არაგვისპირის, ბულაჩაურის, ქუბრიანთკარისა და ჟინვალის ტერიტორიებს. ავტომაგისტრალზე მოძრაობის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე ძირითად მონაკვეთებზე 120 კმ/სთ იქნება, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე — 100 კმ/სთ.
თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი მთავრობამ 2016 წელს დააანონსა. ინიციატივა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს — ნატახტარი-ჟინვალისა და ნატახტარი-რუსთავის მონაკვეთების მშენებლობას. მთლიანობაში პროექტი ხუთ ლოტად არის დაყოფილი: პირველი ლოტი ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთს მოიცავს, ხოლო დანარჩენი ოთხი — დაახლოებით 51-კილომეტრიან ნატახტარი-რუსთავის გზას, რომელიც თბილისის ახალ შემოვლით მარშრუტს შექმნის.