ივნისში რუსეთმა უკრაინაში უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიკავა — ანალიტიკოსები კონფლიქტის დინამიკის ცვლილებაზე მიუთითებენ

ფინური OSINT-ანალიტიკური ჯგუფის BlackBird-ის შეფასებით, 2026 წლის ივნისში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში უფრო მეტი ტერიტორია დაკარგეს, ვიდრე დაიკავეს. ანალიტიკოსების მონაცემებით, თვის განმავლობაში რუსეთის მიერ დაკარგულ და დაკავებულ ტერიტორიებს შორის სხვაობამ 9 კვადრატული კილომეტრი შეადგინა.

ეს მიმდინარე წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია თვიურ ჭრილში შემცირდა. მსგავსი ვითარება ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა, ხოლო მანამდე — 2023 წლის ზაფხულში, უკრაინის კონტრშეტევის პერიოდში.

BlackBird-ის შეფასებით, ტერიტორიული დანაკარგები უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევებს უკავშირდება ლიმანის, ანდრიივკა-კლიშჩიივკისა და ჰულაიპოლეს მიმართულებებზე. ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინამ შეცვალა საბრძოლო ტაქტიკა და გააძლიერა ფრონტის ხაზის სიღრმეში ინფილტრაციის ოპერაციები, რის შედეგადაც გაიზარდა ე.წ. „რუხი ზონა“ — ტერიტორია, რომელზეც არც ერთ მხარეს არ აქვს ეფექტური კონტროლი.

მიუხედავად ამისა, რუსეთის შეტევითი ოპერაციები ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე გრძელდება, მათ შორის კონსტანტინივკისა და კუპიანსკის მიმართულებით. BlackBird-ის შეფასებით, კონსტანტინივკის დიდი ნაწილი ამ დროისთვის რუხ ზონაშია და საოკუპაციო ძალებმა ქალაქზე სრული კონტროლი შესაძლოა ზაფხულის ბოლოსთვის დაამყარონ.

ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი შეტევებს სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებითაც გააგრძელებს, თუმცა მიმდინარე წელს ამ ქალაქების დაკავებას ნაკლებად სავარაუდოდ აფასებენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ფრონტზე წინსვლის შენელება და უკრაინული დრონების დარტყმებით რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი კრემლისთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის. მათი პროგნოზით, მოსკოვმა შესაძლოა კონფლიქტის ესკალაციის გზას მიმართოს, მათ შორის მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების გზით, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკებს შეიცავს.

BlackBird-ის შეფასებით, ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა მინიმალურია. ამასთან, თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, ეს შესაძლოა კრემლს რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგოს, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ამ ეტაპზე ამის კონკრეტული ნიშნები არ იკვეთება.