სომხეთში, პროროსული პარტიის "აყვავებული სომხეთის" ლიდერი, ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი დააკავეს. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და თაღლითობა.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, 2022-დან 2024 წლამდე პერიოდში, გაგიკ ცარუკიანის ორგანიზებით რამდენიმე პირმა მასშტაბური თაღლითობა ჩაიდინა და დიდი რაოდენობით ფული გაათეთრა.
გამოძიების მიხედვით, ცარუკიანის ორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფმა ირანის მოქალაქეებთან ირან-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შეთანხმებებს მიაღწია და ამ მიზნით ერთობლივი იურიდიული პირები შექმნა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ოფიციალური დოკუმენტები გააყალბეს და დაახლოებით 21 მილიონი დოლარის ექვივალენტი ღირებულების ქონება მიითვისეს.
შეგახსენებთ, რომ ივნისში, სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ცარუკიანის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა.