ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული წყალგამანაწილებელი ნაგებობა, რომელზეც სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაც გადის, რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. დაშლილია ნაპირდამცავი გაბიონებიც, რის გამოც ეს ჰიდროკვანძი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა რეაბილიტაცია-გამაგრებას საჭიროებს.

არსებული პროექტის მიხედვით, სამუშაოების ჩატარებას 28 მილიონი ლარი და თითქმის 3 წელი დასჭირდება.

სამუშაოების დაწყებამდე ნაგებობაზე ჯერ უნდა შეიზღუდოს, ხოლო ახალი საავტომობილო ხიდის დასრულების შემდეგ, საერთოდ უნდა აიკრძალოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„აღნიშნული ნაგებობის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე რიონის თხევადი და მყარი ჩამონადენის გადანაწილება ქალაქის არხსა და ნაბადას კალაპოტს შორის.

არსებული წყალგამყოფი კვანძის ნორმალურ, საიმედო ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქალაქ ფოთის უსაფრთხოებისათვის, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარეცხვისაგან დასაცავად“ – წერია პროექტში, რომლის მიხედვითაც ნაგებობაზე და მის მიმდებარედ სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„ქ. ფოთთან მდინარე რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის ქვედა ბიეფის ფლუტბეტისა და მდინარე რიონზე მარჯვენა ნაპირზე მოწყობილი გაბიონების ცალკეული მონაკვეთების აღდგენის“ სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო, ანუ სატენდერო ღირებულება 28 040 237 ლარია დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსება გათვალისწინებულია 2026-2029 წლების ბიუჯეტით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის მიხედვით, „2026 წელს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე არსებული სახსრებიდან დაფარულ იქნება 10,2 მილიონი ლარი, 2027 წელს გათვალისწინებული იქნება 6 მილიონი, 2028 წელს – 6,3 მილიონი, ხოლო 2029 წელს – 6,5 მილიონი ლარი [შესყიდვის ჯამური ღირებულება – 29 111 415 ლარი]“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.

პირობის მიხედვით „სამუშაოების შესრულების ვადაა 1047 დღე შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან [აქ გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების გაუთვალისწინებლად]“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არახელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ გადაიწევს.

წყარო: Batumelebi