ევროკომისია ესპანეთის მიერ იტალიიდან ჩასული მგზავრებისთვის დროებით დაწესებულ სასაზღვრო კონტროლს აკრიტიკებს და მადრიდს მოუწოდებს, სეუტაში შექმნილი მიგრაციული კრიზისის საპასუხოდ მიღებულმა ზომებმა შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებას ხელი არ შეუშალოს.

ევროკომისრის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერის განცხადებით, ბრიუსელი ესპანეთის ხელისუფლებისგან ელოდება, რომ მაროკოსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს არსებული ვითარების მართვას ისე, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შენგენის სივრცეზე გავლენა არ მოახდინოს.

ბრუნერის თქმით, ევროკომისია ესპანეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტშია, რათა შეაფასოს ქვეყნის საჭიროებები და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სეუტაში არსებული ვითარების მართვა და მიგრანტთა მიღების სისტემა, პირველ რიგში, ესპანეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ესპანეთმა იტალიიდან ჩასული ყველა მგზავრისთვის სასაზღვრო კონტროლი ერთი თვის ვადით მას შემდეგ შემოიღო, რაც იტალიამ ანალოგიური ზომები ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე დააწესა. რომმა გადაწყვეტილება სეუტაში მაროკოდან მიგრანტების მასობრივი გადასვლის ფონზე მიიღო.

მადრიდსა და რომს შორის უთანხმოება მას შემდეგაც გამწვავდა, რაც ესპანეთმა იტალიას შეზღუდვების 9 აგვისტომდე გაუქმება მოსთხოვა. იტალიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ სასაზღვრო შემოწმება სულ მცირე 15 აგვისტომდე გაგრძელდება.