ევროკომისიამ EU KIDS Act-ის კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის საერთო ევროპული წესების შემოღებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 13 წლამდე ბავშვები სოციალური ქსელებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ, პირადი ანგარიშის დამოუკიდებლად გახსნა კი მხოლოდ 15 წლიდან იქნება შესაძლებელი.
ამასთან, 13-დან 15 წლამდე მოზარდები სოციალურ მედიასა და ვიდეოპლატფორმებზე წვდომას მხოლოდ მშობლის ან მეურვის ანგარიშთან დაკავშირებული შეზღუდული პროფილით შეძლებენ. ასეთ ანგარიშებზე კონტაქტების რაოდენობა და ყოველდღიური გამოყენების დრო შეიზღუდება – მაქსიმალური ზღვარი დღეში ერთი საათი იქნება.
3-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის დასაშვები იქნება სპეციალურად მათთვის შექმნილი ვიდეოპლატფორმებით სარგებლობა, მშობლის ან მეურვის მიერ მართული ანგარიშის მეშვეობით, ასევე დღეში მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში.
კანონპროექტი 18 წლამდე მომხმარებლებისთვის სოციალური მედიის, ვიდეოპლატფორმების, ონლაინთამაშების, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვირტუალური თანამოსაუბრეებისა და ჩატბოტების უსაფრთხოების დამატებით მოთხოვნებსაც ადგენს.
წარდგენილი შეზღუვების ფარგლებში პლატფორმებს აეკრძალებათ დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციები, უსასრულო სქროლი, არასრულწლოვნებისთვის საზიანო კონტენტის განმეორებით შეთავაზება, ძილის საათებში შეტყობინებების გაგზავნა და უცნობი პირებისგან არასასურველი კონტაქტი.
ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები არასრულწლოვანთა ანგარიშებზე ავტომატურად გამორთული იქნება. მათ ასევე აეკრძალებათ ადამიანური ურთიერთობების ისეთი ფორმით იმიტირება, რომელმაც შესაძლოა, მომხმარებელში ემოციური დამოკიდებულება გამოიწვიოს.
არასრულწლოვანთა ანგარიშები ავტომატურად დახურული იქნება, ხოლო მათი ადგილმდებარეობის, კამერისა და მიკროფონის გამოყენება – გამორთული. ამავდროულად, პლატფორმებს მომხმარებელთა ასაკის შემოწმებაც დაევალებათ, მათ შორის, EU-ს ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაციის გამოყენებით.
"ბავშვები დღეს ურთიერთობენ ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიებთან, რომლებიც კი ოდესმე შექმნილა – ტექნოლოგიებთან, რომლებიც მათ კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით არ შექმნილა. KIDS Act-ით პასუხისმგებლობა პლატფორმებს ეკისრებათ – სწორედ მათ უნდა დაამტკიცონ, რომ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული დიზაინი აქვთ." – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის წინადადება განსახილველად ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნა. შესაბამისად, ახალი წესები ჯერ ძალაში არ შესულა და მათ დასამტკიცებლად საკანონმდებლო პროცესის გავლა იქნება საჭირო.
Tabula.ge