ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა ფართო შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალისხმევა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადარწმუნების მიზნით, რათა თავიდან აიცილონ გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფების დაწესება. თუმცა, დიპლომატების შეთანხმების მიხედვით, თუ გადასახადები ძალაში შევა, საპასუხო ზომები მომზადდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, საგანგებო სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის ლიდერები ვარიანტებს განიხილავენ. ერთ-ერთი ვარიანტი აშშ-ის იმპორტზე 93 მილიარდი ევროს ოდენობის ტარიფების პაკეტია, რომელიც ექვსთვიანი შეჩერების შემდეგ, შესაძლოა, 6 თებერვალს ავტომატურად ამოქმედდეს; მეორე ვარიანტად კი ჯერ კიდევ გამოუყენებელი იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, იგივე ევროკავშირის სავაჭრო „ბაზუკა“ განიხილება. ის ბრიუსელის ყველაზე ძლიერი სავაჭრო იარაღია – კომისიას საშუალებას აძლევს, დააწესოს სანქციები არა მხოლოდ საქონელზე, არამედ მომსახურებაზეც. ინსტრუმენტს ასევე შეუძლია, შეზღუდოს წვდომა საჯარო ტენდერებზე, ინვესტიციებზე ან საბანკო საქმიანობაზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ათპროცენტიანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთს. მისივე თქმით, თუ გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25 პროცენტამდე გაიზრდება.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე გრენლანდია აშშ-ის იურისდიქციაში არ გადავა.

1tv.ge