ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა ვალდის დომბროვსკისმა 13 ოქტომბერს AFP-ს განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლო დროის გადაწყვეტილება რუსული დიზელის მსოფლიო ბაზარზე გამოტანის შესახებ, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს გავლენას ამ პროდუქტის ფასზე, რომელიც მკვეთრად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ შეკითხვას რუსული დიზელის ექსპორტზე, თუ მოცულობებს შევხედავთ, მათ არანაირი მაკროეკონომიკური მნიშვნელობა არ გააჩნიათ. გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდ ეჭვს იწვევს ისიც, შეუძლია თუ არა რუსეთს საერთოდ ამ მოცულობების მიწოდება — თანაც აშშ-ის ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, — განაცხადა მან ტაილანდში, ბანგკოკში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიმდინარე ყოველწლიური შეხვედრების კულუარებში მიცემულ ინტერვიუში.მან სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პეკინი დათანხმდა ევროპაში ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვას, ბლოკს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებების მიღწევა „სექტორების უფრო ფართო სპექტრში“ სჭირდება.
„თუ შევხედავთ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის უფრო ფართო სავაჭრო ურთიერთობებს, გასულ წელს ჩვენ გვქონდა დაახლოებით 360 მილიარდი ევროს ოდენობის სავაჭრო დეფიციტი, რაც დღეში თითქმის 1 მილიარდ ევროს შეადგენს. ასე რომ, აშკარაა, რომ ეს ძალიან არაბალანსირებული ურთიერთობებია და ეს მდგრადი არ არის, — განუცხადა დომბროვსკისმა AFP-ს ბანგკოკში. —
ასე რომ, აქ ჩვენ კონკრეტულად ავტოინდუსტრიას განვიხილავთ, თუმცა ეს გაწონასწორება გვჭირდება, მე ვიტყოდი, სექტორების ბევრად უფრო ფართო სპექტრში“.
ბანგკოკში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრაში ათეულობით სტუმარი მონაწილეობს მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან. ის 12-დან 18 ოქტომბრამდე ტარდება.
წყარო: „რადიო თავისუფლება“